ცნობილი გახდა, თუ ვისგან მიიღეს შემოწირულობა პოლიტიკურმა პარტიებმა. კონტროლის პალატის ვებგვერდზე შემომწირველების საცხოვრებელი ადგილი დაფარულია. “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსის, ლევან ნატროშვილის თქმით, შემომწირველი ფიზიკური პირების მონაცემები სრულად უნდა იყოს გაშიფრული, რასაც კონტროლის პალატის ვებგვერდზე ვერ ნახავთ.
ლევან ნატროშვილი: _ “პოლიტიკურ პარტიებს წელიწადში ერთხელ წლიური ფინანსური დეკლარაციების კონტროლის პალატისთვის წარდგენა კანონით ევალებათ, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული დეკლარაციები საჯარო უნდა გახადოს. წლის დასაწყისში, კონტროლის პალატის ვებგვერდზე აღნიშნული დეკლარაციები დასკანერებული დოკუმენტების სახით გამოქვეყნდა. პოლიტიკური პარტია ვალდებულია, დეკლარაციებში მიუთითოს შემომწირველი ფიზიკური პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის ან პასპორტის ნომერი და აუცილებლად საცხოვრებელი ადგილი რეგისტრაციის მიხედვით. ეს ინფორმაცია საჯაროა და კონტროლის პალატას არ აქვს მისი დამალვის უფლება. მიუხედავად ამისა, მის ვებგვერდზე ატვირთულ დოკუმენტებში შემომწირველი ფიზიკური პირების მისამართები დაფარულია. სრული ინფორმაცია რომ მიგვეღო, ჩვენ გამოვითხოვეთ დეკლარაციის ასლები, როლებშიც, ონლაინ ვერსიისგან განსხვავებით, ყველა პარტიის შემომწირველების მისამართები არის ღია, გარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა”, ეს კი უკანონობასთან ერთად, ორმაგი სტანდარტების გამოყენებას ნიშნავს. ასეთი ქმედება ეჭვის ქვეშ აყენებს კონტროლის პალატის მიუკერძოებლობას და დიდ ზიანს აყენებს საარჩევნო გარემოს…”
კონტროლის პალატის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ფატი მამიაშვილმა მისამართებთან დაკავშირებით ტელეფონით ასეთი კომენტარი გააკეთა: _ მისამართებთან დაკავშირებით ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს საიტზე ატვირთული.
_ “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს” წარმომადგენლებს აქვთ კონტროლის პალატისგან მიწოდებული დოკუმენტები, სადაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გარდა, ყველა პარტიის შემომწირველთა მონაცემები გაშიფრულია. რა პრივილეგიით სარგებლობს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა?”
_ “ნაციონალური მოძრაობა” პრივილეგიებით კი არ სარგებლობს, ამ დროისთვის ჩარიცხული ჰქონდა ბიუჯეტში ფული. ამას გეუბნებით, არ გახსოვთ ეს თემა, როგორ იყო?
_ მისამართები რატომ არ არის გაშიფრული?
_ ძალიან ცუდად ისმის _ იწერთ ან კიდევ ცუდად იჭერს. ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე გიპასუხეთ. კარგი, კარგად იყავით… , _ ასეთია მამიაშვილის კომენტარი.