ქალაქ ბათუმის მერიის თასის გათამაშებაში და ქალაქ ფოთში, დასავლეთ საქართველოს I ლიგის ჩემპიონატში წარმატებული მონაწილეობისთვის, გასულ კვირას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში, ჭადრაკის წრის ნორჩი მოჭადრაკეები დაჯილდოვეს.
პატარა მოჭადრაკეებს, აღნიშნული ქალაქების მიერ დაწესებული სიგელები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის მიერ დაწესებული წამახალისებელი პრიზები ჩოხატაურის გამგებლის მოადგილემ მინდია ჟღერიამ გადასცა.
როგორც გაირკვა, საგულდაგულოდ შეფუთულ ყუთებში მაიმუნის ქანდაკებები იყო, რომელიც ჟღერიას განმარტებით, მას არ შეურჩევია:
_ მე მთხოვეს, რომ დაჯილდოებაზე მივსულიყავი. ნამდვილად არ ვიცი, რა იყო შეფუთულ ყუთებში. წარმატებულ მოჭადრაკეებს მე ექსკურსიაზე გაშვება დავპირდი მხოლოდ. საჩუქრებზე კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, _ გვითხრა ჟღერიამ.
სასპორტო სკოლის დირექტორის თამაზ ძნელაძის თქმით, საჩუქრები ჭადრაკის მწვრთნელმა, ნუგზარ მგელაძემ აარჩია:
_ ბატონი ნუგზარ მგელაძე მოვიდა და მთხოვა, რომ წარმატებული ბავშვების დაჯილდოებისთვის საჩუქრები შეგვეძინა. დავეთანხმე და ბატონმა ნუგზარმა თავად აარჩია საჩუქრები, რომელშიც 70 ლარი დაიხარჯა, _ გვითხრა ძნელაძემ.
მისივე ინფორმაციით, მოჭადრაკეებთან ერთად, მწვრთნელებიც დააჯილდოეს, თუმცა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არც გამგებლის მოადგილე ფლობს და არც სასპორტო სკოლის დირექტორი:
_ მწვრთნელები მე არ დამიჯილდოვებია. მახსოვს, რომ მაგიდაზე სხვა სიგელებიც იყო, თუმცა, იყო თუ არა იქ საჩუქრები, ვერ გეტყვით, _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას მინდია ჯღერიამ.
აღნიშნული ჯილდოები სასპორტო სკოლის ბიუჯეტს 70 ლარი დაუჯდა _ ანგარიშფაქტურის მიხედვით, შეძენილია 8-ლარიანი წვენის ჭიქა, 8-ლარიანი და 10-ლარიანი ღვინის ბოკლები, 11-ლარიანი საბავშვო საათი, საქართველოს 15_ლარიანი ატლასი, 5-5-ლარიანი 2 ცალი სუვენირი _ მაიმუნი და 8-ლარიანი საათი.
ნუგზარ მგელაძე ამბობს, რომ მაიმუნების ქანდაკება მაიმუნის წლის გამო შეარჩია:
_ მგონია, კარგი გავაკეთე. მაიმუნის წელია და ამიტომ შევურჩიე ბავშვებს მაიმუნის ქანდაკებები საჩუქრად, _ გვითხრა მგელაძემ.
_ ბატონო ნუგზარ, მწვრთნელებისთვისაც გიყიდიათ საჩუქრები, თუმცა, მათი დაჯილდოების შესახებ ინფორმაციას არც გამგებლის მოადგილე ფლობს და არც სასპორტო სკოლის დირექტორი…
_ კი, როგორ არა. როცა ბავშვები დავაჯილდოვეთ, მწვრთნელებსაც გადავეცით საჩუქრები. ღვინის ბოკლები შევარჩიე.
_ თქვენი თავიც დაგიჯილდოვებიათ და თქვენთვის რა შეარჩიეთ?
_ პატარა წიგნი ავიღე ჩემთვის, _ გვითხრა მგელაძემ,