“გურია ნიუსის” ინფორმაციით, დღეს ფოთს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და ფინანსთა მინისტრები ეწვევიან. ჩვენი ინფორმაციით, შეხვედრა ოფიციალური რამდენიმე წუთის განმავლობაში იქნება, სადაც ხელი ოფიციალურ დოკუმენტს მოეწერება. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაზე დასასწრებად უკვე გაემგზავრნენ გურიის ხელისუფლების მაღალჩინოსნები _ ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ხელისუფლების პირველი პირები.
როგორც გვითხრეს, ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, დახურული თათბირი გურული და ფოთელი მაღალჩინოსნებისთვის ჩატარდება, სადაც საუბარი მომავალ არჩევნებზე და იმ ხერხებზე იქნება, რომლითაც მმართველი ძალა გამარჯვებას გეგმავს.
აღსანიშნავია, რომ არცერთი გურული ჩინოსანი, ამ შეხვედრის შესახებ ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს და უფრო მეტიც, ისინი ამ ინფორმაციას უარყოფენ.
გურიის გუბერნატორის მოადგილე, ლელა თავართქილაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მსგავსი შეხვედრის შესახებ ის ინფორმირებული არ არის.
თუმცა, ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ დახურულ შეხვედრას, გურულების გარდა, ფოთელი საჯარო მოხელეები და, სავარაუდოდ, პედაგოგებიც დაესწრებიან.
მსგავსი შეხვედრა დღის ბოლოს ბათუმშიც იგეგმება, რამდენიმე დღეში, ალბათ, ოზურგეთშიც გაიმართება.