შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ისანი-სამგორის სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტი "დარიალის" თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ისანი-სამგორის სამმართველოს მიერ 2015 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1986 წელს დაბადებული რამინ ი. დარიალის ხეობაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2015 წლის 28 დეკემბერს ფონიჭალაში, რელიგიურ თემაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა თანასოფლელი, 1993 წელს დაბადებული ფიკრატ ა. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი 2015 წლის 30 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.