"საქართველოს სახელმწიფოს განაცხადია, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში საზოგადოება შეთანხმებულია ერთ ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებაზე – საქართველო უნდა დაბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახში, საიდანაც ის ხელოვნურად, ძალისმიერად მოწყვიტეს" – ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე.
"საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არასოდეს დაუკლია საკუთარი ძალისხმევა გლობალური სტაბილურობისათვის და ეს ძალისხმევა არ გამოიხატებოდა მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით, არამედ გამოიხატებოდა იმ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა ისახელეს თავი. ამ ქვეყნის პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენ მტკიცედ ვამბობთ, რომ საქართველოში არანაირი კითხვა იმასთან დაკავშირებით – რა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, არ არსებობს! ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ჩვენი ქვეყნის კულტურულ და პოლიტიკურ მომავალს ევროკავშირში, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ ნატოს, როგორც იმ უსაფრთხოების ქოლგას, რომელშიც ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და რომელსაც ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი თანამონაწილეობით და რომელიც კიდევ უფრო მეტ სიმშვიდეს მოუტანს ქვეყნებს, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე გლობალურად," – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ფორუმზე გამოსვლისას თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ საქართველოს არჩევანი გადახედვას არ ექვემდებარება. მან ყურადღება საქართველოს მიმართ ვარშავის სამიტის მოლოდინებზე გაამახვილა და აღნიშნა: "ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი არის ის, რომ ვარშავის სამიტიდან ნატო როგორც ორგანიზაცია, გამოვიდეს კიდევ უფრო ერთიანი, ძლიერი და მიზანმიმართული იმ ამოცანებისთვის, რომლისთვისაც ეს ორგანიზაცია შეიქმნა. ჩვენი, როგორც პარტნიორი ქვეყნის, წევრობის გზაზე მდგომი ასპირანტი ქვეყნის, ამოცანაა, რომ სწორედ ამ ერთობაში ვიყოთ თანამონაწილე."
თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით საქართველოს ამოცანებზეც ისაუბრა. "ჩვენი ამოცანაა ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო იყოს გაცილებით უფრო ძლიერი, გაცილებით უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე მისი თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, ვიდრე ის არის დღეს," – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
მსოფლიოსა და კავკასიის რეგიონში არსებული გართულებული ვითარებიდან გამომდინარე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ორი ძირითადი მიმართულების – მშვიდობისა და ადამიანების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობაზეც გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფო ყოველთვის მზად არის კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მობილიზაციით იდგეს ამ ორი მთავარი სიკეთის დაცვისთვის.
"მეტი ნატო საქართველოში, მეტი საქართველო ნატოში. გვინდა, რომ ვარშავის სამიტმა სწორედ ამ მთავარ გზავნილზე გასცეს ხელშესახები, რეალური პასუხი. ჩვენმა მოქალაქეებმაც ყოველდღიურ ცხოვრებაში დაინახონ მეტი ნატო საქართველოში. საქართველო არ უნდა იყოს დანახული როგორც საფრთხე. საქართველო არის შესაძლებლობა ყველასთვის, აჩვენოს მოწინააღმდეგეს, რომ თუ ძალიან მოინდომებ, თუ რეფორმებს განახორციელებ, თუ ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად იდგები მსოფლიოს მშვიდობისა და უსაფრთხოების გზაზე, მაშინ წარმატება აუცილებლად მოვა. იმედი მაქვს, რომ ნატოს ვარშავის სამიტის შემდეგ, საქართველო იქნება უფრო მეტად დაცული და ნატო იქნება უფრო ძლიერი"– განაცხადა ხიდაშელმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.