გერმანული ჟურნალის, "შტერნის" მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ამჟამად გერმანელთა მხოლოდ 35 პროცენტს აფრთხობს უმუშევრობა, მაშინ, როდესაც ნახევარი წლის წინ, ეს პრობლემა მოსახლეობის 55 პროცენტს აწუხებდა, წელიწად-ნახევრის წინ კი – 67 პროცენტს.
გასული წლის შემოდგომაზე გერმანიაში უმუშევართა რაოდენობა 3 მილიონ ადამიანამდე შემცირდა და 1992 წლიდან ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
ახლა გერმანელებისთვის მთავარი პრობლემა მზარდი სახელმწიფო დავალიანებაა.
გამოკითხულთა 61 პროცენტი შიშობს, რომ ადრე თუ გვიან, სახელმწიფო დავალიანებას ვეღარ გადაიხდის.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ შესაძლოა საპენსიო ვალდებულებების შესრულებას საფრთხე დაემუქროს.