32 წლის გია ბერძენიშვილის ოპერაცია, რომელსაც არდიომეოფატია აქვს, წარმატებით დასრულდა. ოპერაციისთვის საჭირო თანხა კეთილი ადამიანების დახმარებით შეგროვდა.
გიას შესახებ "გურია ნიუსში" გამოქვეყნებულ სტატიას ბევრი ადამიანი გამოეხმაურა: ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გურამ ჩალაგაშვილი, "ლიბერთი ბანკი", ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლი "GURIAN NICE KIDS“ და რიგითი ადამიანები, რომელთა წყალობითაც გია იცოცხლებს.
_ არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. ძალიან დიდი მადლობა ყველას. თქვენი დახმარებით მე ვიცოცხლებ და მესამე შვილის დაბადებასაც ვნახავ, _ აღნიშნა გიამ "გურია ნიუსთან" საუბრისას.
ყველა იმ ადამიანის ვინაობას, რომელმაც გიას გადარჩენაში წვლილი შეიტანა და "გურია ნიუსის" წამოწყებულ აქციას შეუერთდა უახლოეს დღეებში გაგაცნობთ.
აღსანიშნავია, რომ გიას დასახმარებლად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიც მზად იყო, თუმცა ბიუჯეტიდან თანხის გადმორიცხვა საჭირო აღარ გახდა _ საზოგადოების გაერთიანებამ და სიკეთემ საჭირო თანხის მობილიზება 3 დღეში შეძლო და გიამ ოპერაცია დაგეგმილზე ადრე გაიკეთა.