პოლისიან პაციენტებს გასინჯვაში ფულს ახდევინებენ
გასული კვირის პარასკევს, ჩოხატაურში, ყოფილი განათლების განყოფილების შენობაში, პროფესორი, ოფთალმოლოგი, გიორგი პეტრიაშვილი იმ დაზღვეულ პაციენტებს სინჯავდა, რომლებსაც მისივე თქმით, ოზურგეთში, "მედალფაში" თვალის ოპერაციები გაუკეთდებათ.
როგორც მოვიკვლიეთ, აღნიშნულ შენობაში ოფთალმოლოგმა მარინე დოლიძემ კაბინეტი გააკეთა და "მედალფასთან" ხელშეკრულებაც გააფორმა. დოლიძე დაზღვეულ პაციენტებს მოემსახურება და მიმართვებსაც გააკეთებს: _ თავდაპირველად გაისინჯა 9 პაციენტი, რომლებსაც ოპერაცია უნდა გაუკეთდეს. საგარანტიო წერილები უკვე გამზადებულია, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მარინა დოლიძემ.
მისივე თქმით, გასინჯვები უფასოა, თუმცა, ჩვენი იქ მისვლის დროს გაირკვა, რომ დაზღვეულ პაციენტებს გასინჯვაში 30 ლარი მოსთხოვეს.
გიორგი პეტრიაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, რომ თანხა არც ერთი პაციენტისთვის არ მოუთხოვია და გასინჯვებს უფასოდ ატარებდა: _ მე თანხა არავისთვის გამომირთმევია, ყველას უფასოდ ვსინჯავ. ეს აქცია არ არის. ოზურგეთში არის გახსნილი "ალფას" საავადმყოფო. აქ პაციენტებს ვნახულობ და ვაგზავნით იქ, რომ გაუკეთდეს ოპერაცია. ეს არის დაგეგმილი ოპერაციები და ნამდვილად არ ვიცი, ვის უნდა ეთქვა, რომ პოლისიანებს ფულს ვახდევინებდით. შეიძლება მოდიან ვიღაცეები, ვისაც პოლისი არ აქვს და მათ განემარტებათ, რომ უნდა ჩაბრძანდნენ ოზურგეთის საავადმყოფოში, გადაიხადონ საფასური და მიიღებენ დახმარებას, _ გვითხრა პეტრიაშვილმა.
მიუხედავად ამისა, კაბინეტთან შეკრებილმა ადამიანებმა, მარინა დოლიძის თანდასწრებით გვითხრეს, რომ მათ თანხა _ 30 ლარი მოსთხოვეს, რაზეც დოლიძემ აღნიშნა, რომ თანხა იმ შემთხვევაში იქნებოდა მოთხოვნილი, თუ მათ უბნის ექიმის მიმართვა არ ჰქონდათ, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ აღნიშნა, რომ პროფესორთან შეთანხმებით, თანხას არავინ გადაიხდიდა.
_ 21 ლარს მაძლევენ დახმარებას და ექიმი გასინჯვაში 30 ლარს მთხოვს. საიდან გადავიხადო ან რაში მჭირდება ეს პოლისი, თუ ყველაფერში ფულს მთხოვენ? _ აღნიშნა ერთ-ერთმა დაზღვეულმა.
_ დაზღვეული კონტიგენტისთვის თანხა არ მომითხოვია. მათ უნდა მოეტანათ უბნის ექიმის მომართვა და შესაბამისად გასინჯვები იქნებოდა უფასო, _ გვითხრა დოლიძემ.
_ ის ადამიანები, რომლებიც დღეს (საუბარი ჩაწერილია 11 მაისს) თქვენს კაბინეტთან იყვნენ, ამბობდნენ, რომ უბნის ექიმის მიმართვის მიტანის შესახებ არავის გაუფრთხილებია… ვიცით, რომ ამ ადამიანებს თქვენ დაურეკეთ. თუ უბნის ექიმის მიმართვა იყო აუცილებელი, რატომ არ უთხარით?
_ ვერ გეტყვით. უპირველესად უნდა მიმართოს უბნის ექიმს და ეს იცის… უნდა იცოდეს პაციენტმა.
_ თუ არ იცის, არ უნდა უთხრათ?
_ გავითვალისწინებთ. დღეს პირველი დღე იყო. უბნის ექიმის მიმართვის გარეშე არც ერთ პაციენტს არ ვიღებთ, თუ გადაუდებელი შემთხვევა არ არის _ საუბარია პოლისიან ავადმყოფებზე. დღეს კი, საოპერაციოდ გამზადებული პაციენტები პროფესორმა, გიორგი პეტრიაშვილმა გასინჯა. თუმცა, ამავე დროს გაისინჯა და გამოკვლევა-კონსულტირება ჩაუტარდათ დაუზღვეველ პაციენტებსაც.
_ რატომ ხდებოდა პაციენტების მიღება განათლების განყოფილების ყოფილ შენობაში?
_ მე ვარ დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, ოფთალმოლოგი. სადაზღვევო კომპანია "ალფასთან" გავაფორმე ხელშეკრულება დაზღვეული პაციენტების მომსახურებაზე. შესაბამისად, გავაკეთე კერძო კაბინეტი.
_ ამ მომსახურებაში "ალფა" რამდენს გიხდით?
_ ეს კონფიდენციალურია, თუმცა, თანხას პაციენტი არ იხდის.
_ მაგრამ დღეს თქვენივე თანდასწრებით გვითხრეს, რომ 30 ლარი მოსთხოვეთ პოლისიან პაციენტსაც კი…
_ დღეს პირველი დღე იყო და შევთანხმდით ბატონ გიორგისთან, რომ თანხა არავისგან აგვეღო _ არც დაზღვეულისგან და არც დაუზღვეველისგან თანხა არ აგვიღია. თქვენს მოსვლამდეც არ აგვიღია თანხა, _ აღნიშნა დოლიძემ და დასძინა, რომ მან არ იცის, რატომ თქვეს კაბინეტთან შეკრებილმა ადამიანებმა, რომ პოლისიან პაციენტებს ფულს სთხოვდა.
"მედალფას" გენერალური დირექტორის მოადგილის, ეკა ქავთარაძის თქმით, თუკი ექიმი პაციენტს ფულს სთხოვს, "მედალფა" არაფერ შუაშია: _ ექიმს უფლება აქვს, 10 ადგილზე ჩაატაროს თავისი საქმიანობა. შესაბამისად, ჩოხატაურში კონკრეტული ექიმი უფასოდ გასინჯავს პაციენტს თუ თანხას გადაახდევინებს, "მედალფა" არაფერ შუაშია. გიორგი პეტრიაშვილი ჩვენც გვყავს მოწვეული, თვეში ერთხელ ვიწვევთ და ჩვენთანაც აკეთებს ოპერაციებს. ჩვენთან როცა აკეთებს, საგარანტიო წერილით, უფასოა და შიდა სტანდარტის პაციენტებისთვის შიდა კალკულაციის საფუძველზე ხდება ანგარიში. ჩოხატაურში მის გასინჯვასთან დაკავშირებით ჩვენთან არც თანხა შემოდის და არც ჩვენი საქველმოქმედო აქციაა. მას თუ აქვს ხელშეკრულება "ადითთან" ან ინდმეწარმესთან, "მედ ალფა" არაფერ შუაშია…
_ ჩვენ ვნახეთ ათეულობით დაზღვეული ადამიანი, რომლებსაც აქვთ "ალფას" პოლისები და ამბობენ, რომ დაურეკეს და უთხრეს, დღეს გასინჯვაზე მოსულიყვნენ ოპერაციისთვის მოსამზადებლად…
_ ყველა პაციენტი, რომელსაც აქვს "ალფას" პოლისი, თუ მოვა ჩვენს კლინიკაში, მისთვის, საგარანტიო წერილის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების გაწევა არის უფასო. თუ ბატონი გიორგი გასინჯვებს ატარებს უფასოდ ან თანხას იღებს, ჩვენს სალაროში თანხა ნამდვილად არ შემოდის.
_ პეტრიაშვილმა გვითხრა, რომ ის "ალფადანაა" წამოსული, ატარებს შემოწმებებს, სჭირდებათ თუ არა კონკრეტულ პირებს ოპერაცია და შემდგომ ამისა, გააკეთებს მომართვებს, რომ თქვენს კლინიკაში, ოზურგეთში ჩატარდეს ოპერაციები…
_ ვისაც ჩვენი საგარანტიო წერილი აქვს, ამ ეტაპზე მხოლოდ მათთვის გაკეთდება ოპერაცია "ალფას" ეგიდით. რომ ჩათვალოს ბატონმა გიორგიმ, რომ ვინმესთვის ოპერაციაა გასაკეთებელი, სანამ "ალფა" არ მისცემს თანხმობას, რომ ოპერაციას დაუფინანსებს, ჩვენ ოპერაციას ვერ გავუკეთებთ. როგორც მოგეხსენებათ, საგარანტიო წერილის გარეშე გეგმიური ოპერაციები არ კეთდება. შეიძლება ბატონმა გიორგიმ, მანდ გამოავლინოს საოპერაციოები, რომლის შემდეგ ეს ადამიანები უნდა წავიდნენ "ალფას" ოფისში და წაიღონ "ფორმა 100". შემდეგ არის 6-თვიანი მოცდის პერიოდი და 6 თვეში, თუ ექიმი საჭიროდ ჩათვლის ან გაუკეთდებათ ოპერაცია ან არა. მას შემდეგ, რაც საგარანტიოს გასცემს სადაზღვევო კომპანია ჩვენ შეგვიძლია ბატონ გიორგის, ან სხვა მოწვეულ ქირურგს გავაკეთებინოთ ოპერაცია. მინდა ნათლად დავაფიქსირო, რომ ჩოხატაურში პაციენტების გასინჯვასთან შპს "მედალფას" არანაირი კავშირი არ აქვს.
ამ ლაბირინთებში გარკვევა ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება, მითუმეტეს, პაციენტს, რომელიც იმედოვნებს, რომ პოლისის მეშვეობით მაინც შეძლებს უფასო სამედიცინო დახმარების მიღებას, მაგრამ ამგვარ ფაქტებს და გაურკვევლობას აწყდება.