მომავალი წლიდან, ქართველი ადვოკატები, რომლებიც ფრანგულ ენას ფლობენ, პარიზის ადვოკატთა ასოციაციის დაფინანსებით, პარიზის ადვოკატთა ასოციაციაში ორ თვიან სტაჟირებას გაივლიან.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატებთან ერთად საფრანგეთში საქმიან ვიზიტს განაგრძობენ.
დელეგაციის წევრები პარიზის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტს ფედერიკ სიკაღის და ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დამფუძნებელს ანა სოლელიაკს შეხვდნენ.
შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ უახლოეს დღეებში, თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი, რომლის თანახმად, ქართველი ადვოკატები, რომლებიც ფრანგულ ენას ფლობენ, პარიზის ადვოკატთა ასოციაციის დაფინანსებით, პარიზის ადვოკატთა ასოციაციაში ორ თვიან სტაჟირებას გაივლიან.
ვიზიტისას, ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დამფუძნებელთან ანა სოლელიაკთან შეხვედრა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ საქართველოში ჩამოვა 12 ფრანგი ადვოკატისგან შემდგარი ჯგუფი, რომელიც საქართველოში ადვოკატთა უფლებრივ მდგომარეობას შეისწავლის.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვდებიან ყველა ადვოკატს, რომლებიც ზეწოლის ობიექტები გახდნენ და პროფესიული უფლებების დაცვაში დახმარებას აღმოუჩენენ. შეხვედრის დასასრულს, ადვოკატთა საერთაშორისო ობსერვატორიის დამფუძნებელმა ანა სოლელიაკმა აღნიშნა, რომ გააგრძელებს ადვოკატთა ასოციაციის საერთაშორისო მხარდაჭერას.