საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ქვეყნის ყველაზე დიდი თავის ტკივილი სასამართლოს რეფორმაა.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ვფიქრობ, რომ რეფორმები ბოლომდე მიყვანილი არ არის, არც პროკურატურის რეფორმაა ბოლომდე მიყვანილი, არც სამართალდამცავი ინსტიტუტების რეფორმა და მით უმეტეს არ არის ბოლომდე მიყვანილი სასამართლო რეფორმა. სასამართლოს რაც შეეხება, ეს არის ყველაზე დიდი თავის ტკივილი. ვინაიდან განცდა, რომელიც სასამართლოს შემთხვევაში არის და რომელიც საზოგადოებაში არის, მეც მაქვს. ამ მიმართულებით რაღაც არის შესაცვლელი. სამწუხაროდ, არ მქონია საკმარისი დრო, რომ სიღრმეებში ჩამეხედა ამ მიმართულებით. მე მაქვს აქტიური განხილვა სასამართლო რეფორმის", _ განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ის სასამართლოს რეფორმის მიმართულებით ნებისმიერ წინადადებას მოისმენს.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, უახლოეს მომავალში ის კამპანიაში "ეს შენ გეხება"-ს მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდება.