საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის კუთვნილი, დიდი ოდენობით საკვები პროდუქტების მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ამავე ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი – მარინე ღუდუმიძე.
ა(ა)იპ ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ საგამოძიებო სამსახურში გადმოგზავნილი მასალების საფუძველზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის ოქტომბრის თვიდან 2015 წლის ივლისამდე პერიოდში, თბილისის N131 საბავშვო ბაგა-ბაღის სამეურნეო ნაწილის კოორდინატორი – მარინე ღუდუმიძე, მისი ზედამხედველობის ქვეშ არსებული ბაგა-ბაღის საწყობიდან სისტემატურად ახდენდა აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქციის უკანონო გატანა-მითვისებას. აღნიშნული გზით ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სახელმწიფოს მიერ ბაგა-ბაღისთვის გამოყოფილი თანხით შეძენილ 48 919 ლარის პროდუქციას.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ"ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობას.