ავღანეთში სკოლებსა და საავადმყოფოებს საფრთხე ემუქრება. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS გაერო-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით ავრცელებს.
გაერო-ს ინფორმაციით, საფრთხე და მუქარა ავღანეთში სამედიცინო და სკოლაში მომუშავე პერსონალის მიმართ დღითიდღე იზრდება, რაც ბავშვებს განათლებისა და სამედიცინო მომსახურების მიღებაში ხელს უშლის.
გაერო-ს მოხსენებაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო დონორი ქვეყნები ავღანეთის რეკონსტრუქციისთვის მილიარდობით დოლარს ხარჯავენ, მაგრამ კონფლიქტი საფრთხეს უქმნის განათლებისა და ჯანმრთელობის პროგრამებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ავღანეთის მთავრობის სამხედროებსა და ტერორისტულ დაჯგუფება "თალიბანს" შორის კონფლიქტი 2001 წლიდან მიმდინარეობს.
გაერო-ს ინფორმაციით, 2015 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების შეცდომით განხორციელებული სამხედრო ოპერაციების გამო, სამოცდასამი სამედიცინო პერსონალი დაიღუპა, ხოლო ძალადობის შედეგად 369 სკოლა დაიკეტა, რამაც 139 000 მოსწავლე და 600 მასწავლებელი დააზარალა.