საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისგან მალულად უპრეცედენტო რაოდენობის, 12 კილოგრამი ოქროს ზოდებისა და დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აშშ დოლარის შემოტანის ფაქტი გამოავლინა.
გამოძიებით დადგენილია, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა ბაირამ განჯალიევმა და ელმან ჰუსეინოვმა, საბაჟო გამშვები პუნქტის "წითელი ხიდის’" გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, ბაირამ განჯალიევის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავის მეშვეობით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს უპრეცედენტო რაოდენობის, 1 100 000 ლარის ღირებულების არადეკლარირებული უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები და თანხა, 131 950 აშშ დოლარი. ბრალდებულები საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავა და ოქროს ზოდები და თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.