ნოდარ სურგულაძე ოზურგეთში პედაგოგებს შეხვდა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ სურგულაძის ჩამოსვლის შესახებ "გურია ნიუსისთვის" ცნობილი შემთხვევით გახდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სურგულაძესთან შესახვედრად მზადება ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.
15 მაისს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში ქუდზე კაცი გამოცხადდა, დარბაზი შეივსო და ვინც არ დაეტია, ისინი დერეფანში ბჭობდნენ. ნოდარ სურგულაძემ კიდევ ერთხელ ამცნო ოზურგეთელ პედაგოგებსა და სკოლის დირექტორებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს ყველაფერი გაკეთდება ეტაპობრივად:
"90-იანი წლების შემდეგ, 2003-2004 წლებამდე, მე არ მახსოვს შემთხვევა, საქართველოში ახალი, მსოფლიო დონის სკოლა გახსნილიყოს, ძალიან მცირე რაოდენობის სკოლები იყო გარემონტებული. ახლა კი უკვე დაწყებულია რეფორმები. ახლა ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მთავარია, დიდი თანხა იყოს გამოყოფილი სკოლის ინფრასტრუქტურის რეალიბილიტაციისთვის. წელს დაგეგმილია 23 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო დაახლოებით 600 სკოლას ჩაუტარდება სრულფასოვანი რეაბილიტაცია. ჩვენ გვინდა, 2015 წლისთვის არც ერთ სკოლაში არ იყოს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პრობლემა," _ განაცხადა სურგულაძემ.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ირინა ინარიძის თქმით, ეს შეხვედრა კორპორაციული იყო: _ 2011 წლის მიღწევებსა და 2012 წლის გამოწვევებზე არის საუბარი, ასევე, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა იგეგმება სამინისტროში. შეხვედრაზე მედია არ იყო მოწვეული, რადგან თვითონ (სამინისტრო. რედ) არ არიან დაინტერესებულები მედიის მოწვევით, _ თქვა ინარიძემ.
მისი თქმით, შეხვედრას 600-ზე მეტი პედაგოგი დაესწრო. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მსგავსი შეხვედრები წინასაარჩევნოდ სოკოებივით მომრავლდება.