საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უვადოდ მსჯავრდებულებისგან წერილი მიიღო, რომელშიც ისინი ქუცნაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
"მე მივიღე წერილი უვადოდ მსჯავრდებული 55 პატიმრისგან, რომლებიც დაბეჯითებით ითხოვენ ჩემთან შეხვედრას თავისი პრობლემების განსახილველად. იმის გამო, რომ კანონის თანახმად მათთან პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება არ მაქვს, თქვენი საშუალებით მინდა მათ ვამცნო, რომ უვადოდ მსჯავრდებულ პირებს, სავარაუდოდ, ორშაბათს შევხვდები და მოვისმენ იმ პრობლემებს, რაზეც მათ საუბარი სურთ. ციხეებიდან განსხვავებული ინფორმაციები გამოდის, ამიტომ ვფიქრობ, მათი მოთხოვნა შეხვედრის და გასაუბრების თაობაზე არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. ვადასტურებ ჩემს მზადყოფნას მათთან შეხვედრისა და საუბრისათვის,"– განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა