ჩოხატაურის ცენტრში, ყოფილი სასტუმრო "ბახმაროს" შენობაში, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს და ბიზნესობიექტებიცაა განთავსებული, მოსწავლეების მიერ ბანქოს თამაში არავის უკვირს. ყოველდღე, სასწავლო პროცესის დროს აქ უფროსკლასელები იკრიბებიან და როგორ გვითხრეს, ბანქოს ფულზე თამაშობენ. მოსწავლეები ამას მალულად არ აკეთებენ და მათი ნახვა ნებისმიერ პედაგოგს შეუძლია.
თუმცა, როგორც აღმოჩდა, ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში. რესურსცენტრის ხელმძღვანელის შორენა სიხარულიძის თქმით, ეს ინფორმაცია პირველად ჩვენგან გაიგო:
_ პირველად მესმის. თუ შეგიძლიათ მოგვაწოდეთ მასალები, ხვალ თათბირი მაქვს დირექტორებთან და მათ მინდა გავაცნო. აუცილებლად მოვიკვლევთ ამ საკითხს,_ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სიხარულიძემ.
"გურია ნიუსმა" ბანქოს თამაშში გართული მოსწავლეები ვიდეოფირზეც დააფიქსირა. ჩვენს კითხვაზე _ რატომ არ იყვნენ საგაკვეთილო პროცესის დროს სკოლაში, თამაშის პარალელურად, მხოლოდ ის გვიპასუხეს, რომ სკოლის მოსწავლეები არ არიან და ჩანთები, უბრალოდ, "ხოშის" გამო უკეთიათ.