2017 წლის მაისამდე, დედაქალაქის მასშტაბით 700 ახალი ავტობუსის მოსაცდელი დამონტაჟდება.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე აუქციონში გამარჯვებული კომპანიის – "ალმა-ტრანსპორტის" ხელმძღვანელს გიორგი ტრაპაიძეს დღეს შეხვდა.
სწორედ ეს კომპანიაა დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის 700 ახალი მოსაცდელის დამონტაჟებაზე პასუხისმგებელი.
თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით ავტობუსის მოსაცდელი კონსტრუქციების განთავსების მიზნით 700 ადგილი უკვე შეარჩია. უწყების ინფორმაციით, მიწის იჯარით გაცემის შესახებ აუქციონი მიმდინარე წლის 25 მარტს გამოცხადდა და 4 აპრილს დასრულდა. აუქციონში გამარჯვებული კომპანია "ალმა-ტრანსპორტი" მოსაცდელების მონტაჟს 40 დღეში დაიწყებს და 2017 წლის მაისამდე დაასრულებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ავტობუსების მოსაცდელების ნაწილი ლედ ეკრანებით აღიჭურვება. მიწის ნაკვეთები 20-წლიანი იჯარის უფლებით აუქციონის ფორმით გაიცემა. იჯარის საზღაური თვეში 1 კვ.მ-ზე 7 ლარით განისაზღვრა.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გამარჯვებულმა კომპანიამ ავტობუსის მოსაცდელების განთავსებისთვის არანაკლებ 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. აუქციონის პირობების თანახმად, დაახლოებით, 1,3 მეტრი სიგანის და 3-დან 5 მეტრამდე სიგრძის საქალაქო ტრანსპორტის მოსაცდელი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.