"ივანიშვილი ზრუნავს ზებრებზე, პინგვინებზე _ ყველაფერზე, ხალხის გარდა" _ ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძროაბის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გააკეთა.
ნადირაშვილი ბოტანიკური ბაღის 4 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას ეხმაურება. საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი ამბობს, რომ უნდა დადგინდეს ვისი მხრიდან მოხდა ტერიტორიის გასხვისება და დადგეს იმ პირების, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.
"2012 წელს ბიძინა ივანიშვილი ხალხმა აირჩია იმისთვის, რომ მოეგვარებინა სიღარიბის, დასაქმების, სოციალური პრობლემები. ამის ნაცვლად, ივანიშვილი ზრუნავს თავის სახლზე, თავისი ბანკის მოგების გაზრდაზე, ზებრებზე, პინგვინებზე, ყველაფერზე, ხალხის გარდა, გლეჯს ხეებს და ახლა უკვე ბოტანიკური ბაღის მთლიანად წაღება უნდა და მას ეს ნამდვილად არ გამოუვა," _ აცხადებს ირმა ნადირაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის გასხვისების შესახებ განცხადება დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გააკეთეს. ოპოზიციამ შესაბამისი დოკუმენტაცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ ბოტანიკური ბაღის საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი ყოფილ პრემიერს გადაეცა.