განსაკუთრებით შემაშფოთებელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის მდგომარეობა, საიდანაც, დაახლოებით, 1500 კაცი მიდის თურქეთში ჩაის საკრეფად. აქ უმძიმესი სოციალური ფონია და დაბაც იცლება ახალგაზრდა მამაკაცებისგან.
_ ყოველდღე ასი კაცი მიდის, ხვალაც წავლენ. მაისის ბოლომდე დაიცლება ნასაკირალი. ასეთი გახდა ცხოვრების წესი. უკვე რამდენი წელია, შემოდგომის ბოლომდე საკაცეთისგან დაცლილია აქაურობა, _ გვიამბობენ ტირილის ზღვარზე მყოფი ნასაკირალელი ქალები.
აქაურებიდან თუ კი ვინმეს მუშაობა შეუძლია, ყველა მიდის: _ რომ არ წავიდეთ, რა უნდა ვქნათ? მშიერი მოვკვდებით! აქ რომ იყოს ჩაის კრეფა, იცოცხლე, აქ მოვკრეფთ, რა გვინდა უცხოეთში? _ წუხან წასასვლელად გამზადებულნი.
ტარიელ ანთაძე, ნასაკირალის რწმუნებული: _ დაბა ნასაკირალიდან მიმდინარეობს მასობრივი გასვლა.
_ დაახლოებით, რამდენი კაცი მიდის?
_ ვინც 18 წელს ზემოთაა და ვისაც მუშაობა შეუძლია, 60 წლამდე, თურქეთში სეზონურად დადიან ჩაის საკრეფად. ამ მხრივ ძალიან მდიდრდება სოფელი, მოაქვთ უზარმაზარი შემოსავალი(?!). ყველას აქვს ფული და არ უჭირს ოჯახებს, არ ხდება არანაირი დანაშაული. მე ასე ვიცი, რომ მარტო ნასაკირალში არ ხდება ასე _ საქართველოს ყველა კუთხეში გვხვდება მსგავსი ფაქტები. ხალხი დადის სამუშაოდ, _ ამბობს რწმუნებული.
“გურია ნიუსი” ამ საკითხთან დაკავშირებით ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს პარლამენტში გოჩა შანიძეს ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს არის მოკლევადიანი შრომითი მიგრაცია და ამაში ის პრობლემას ვერ ხედავს.
_ ბატონო გოჩა, თქვენ, როგორც მაჟორიტარი დეპუტატს, გქონიათ თუ არა საუბარი, ან დაგიყენებიათ როდესმე ეს პრობლემა ხელისუფლების წარმომადგენლებთან? იციან მათ, რომ გაზაფხულზე გურიის სოფლების უმეტესი ნაწილი ლუკმა-პურის საშოვნელად, იძულებულია ჩაის საკრეფად თურქეთში წავიდეს?
_ ოზურგეთის უმთავრეს სატკივრად მაინც რჩება ჩაი, რომელიც ერთ-ერთი ეკონომიკური მამოძრავებელი ძალა და ადამიანების დასაქმების საუკეთესო საშუალება იყო გურიაში. მეჩაიეობის დარგში არსებული სიტუაციიდან და დღევანდელი ტენდენციიდან გამომდინარე, ძალზედ გასაკვირია, რომ ჩაიზე მოთხოვნა არის ძალიან დიდი _ ერთი კილოგრამი ქართული ჩაი, მინიმუმ, 20 ლარად იყიდება, მაგრამ დგას ტექნიკური პრობლემა _ ჩაის პლანტაციები ამორტიზირებულია და სჭირდება მრავალწლიანი ინვესტიცია. ამ თემაზე მქონდა მე, პირადად, საუბარი არა ერთხელ მქონია მთავარ აგრარულ კომიტეტში, რომ თუ სახელმწიფომ კონკრეტული პროგრამა არ განახორციელა ამ მიმართულებით, ვერ აღდგება აღნიშნული დარგი და, შესაბამისად, ყოველთვის გვექნება შრომითი რესურსების და თუნდაც მიგრაციის პრობლემა. დღევანდელი საქართველოს სიტუაცია და სტრატეგია, მეზობელ ქვეყნებთან პარტნიორობა, თან ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა თურქეთი, ყველანაირად ხელს უწყობს და უადვილებს ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის საზაფხულო შრომით მიგრაციას ამ ქვეყანაში. ეს აისახა ბევრ სოფელზე, მით უმეტესად ისეთზე, სადაც ჩაიზე იყო მიბმული ადამიანების ცხოვრება, მათ შორის ნასაკირალზე, ლაითურზე. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის კომპანია, არ არის კერძო ინვესტიცია, არ არის საერთაშორისო პროგრამა, რომელიც შეძლებდა ამ მოსახლეობის მეჩაიეობის დარგში დასაქმებას.
_ ბატონო გოჩა, როგორც ნასაკირალელები ამბობენ, ისინი იძულებით მიდიან თურქეთში ლუკმა-პურის საშოვნელად.
_ გეთანხმებით, ნამდვილად ასეა. ნასაკირალის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი მეზობელ თურქეთში ლუკმა-პურის საშოვნელად მიდიან, თუმცა, გარკვეული პერიოდით მიდიან _ ეს არის მოკლევადიანი შრომითი მიგრაცია. თუმცა, მათ რჩებათ არჩევანი _ ან იყონ სახლში ან მოძებნონ სამუშაო.
კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე, “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებს, რომ ეს ფაქტი ომისდროინდელ პერიოდს ახსენებს: _ უმძიმესი სურათია _ ასეულობით უნარიანი და ძალღონით სავსე ადამიანი გადის ერთი ჩვეულებრივი სოფლიდან და სოფელი ცარიელდება. ომის დროინდელი პერიოდები მახსენდება, როცა მამაკაცები ომში მიდიოდნენ, სოფელი კი მოხუცების, ბავშვებისა და ქალების ამარა რჩებოდა და გარემოში რუხი ფერები მრავლდებოდა. დღესაც ომია _ ომი საკუთარ სიდუხჭირესთან, სიღატაკესთან, რომლისგანაც ვერა და ვერ დავიხსენით თავი. რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფალი, ამ ფერების “გავარდისფერებას” სხვადასხვა თვალის მომჭრელი, ფასადური ღონისძიებებითა და პროექტებით, მისი მხრიდან მდგომარეობის შეცლის რესურსი თანდათან ილევა.
მახსენდება ერთიან საბჭოეთში ცხოვრების “გვიანი კომუნისტური” პერიოდი, 70-80 იანი წლები, როდესაც სახელისუფლო პროპაგანდა გვარწმუნებდა (გავრცელებული ჟარგონით, “გვაბოლებდა”), რომ მალე კომუნიზმში შევიდოდით და ცხოვრებაც კიდევ უფრო საამური გახდებოდა. პარალელურად კი, იზრდებოდა რიგები პირველადი მოთხოვნილების საქონელზე, ანუ ტელევიზორიდან ცხოვრების პირობები უმჯობესდებოდა, მოსახლეობის ბიუჯეტი კი ცარიელდებოდა. მაშინ, აწ განსვენებულმა ოტია იოსელიანმა მწარედ იხუმრა _ მაცივრების სადენი ტელევიზორების როზეტში შევაერთოთ და პროდუქტებით გაივსებაო. პარალელების გავლება დღესაც ძალიან ადვილია.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ჩვენი თანამემამულეები თურქეთში ამ პერიოდში, ძირითადად, ჩაის საკრეფად მიდიან და საკუთარ მეურნეობებში იგივე ჩაის ბუჩქების მოვლასა და კრეფას ვერ ახერხებენ. მომავლის ქართულ ეკონომიკაში ჩაისა და მისი გადამამუშავებელი სექტორის ადგილისა და დანიშნულების პერსპექტივა ცალკე საუბრის თემაა. ფაქტია, ეს სექტორი უდიდესი სოციალური მნიშვნელობის მატარებელია კომუნისტების დროიდან მოყოლებული, ვიდრე დღემდე _ მას გონივრული და რაციონალური მართვა სჭირდება. და ეს, ეჭვგარეშეა, მომავალი, ახალი ხელისუფლების გასაკეთებელია, _ მიაჩნია მიქატაძეს.