ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის თემურ სალუქვძის განცხადება:
"არსებობს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ეს არის შინაგანი, მორალური, დაუწერელი კანონი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ავალდებულებს, პირველ რიგში
ვიყოთ ქალაქელი, და ამ ნიშნით ვიმოქმედოთ.
ბოლო საკრებულოს სხდომაზე კამათი მოყვა ქონების პირდაპირი განკარგვის წესით უფლების მინიჭების საკითხს. წარმოიშვა აზრთა სხვადასხვაობა და კამათი გადაიზარდა არასასურველ, არასაქმიან ფორმატში. ვფიქრობ, ერთსა და იმავე საკითხზე მუდმივი უშედეგო კამათი აბსურდის თეატრს ემსგავსება. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ, ეს, მეტწილად, ნაჩქარევად მიღებული მახინჯი თვითმართველობის კანონის შედეგია, რომელიც იწვევს, არა მხოლოდ საკრებულოს დეპუტატებს შორის დაპირისპირებას, არამედ თავად თვითმმართველობის შტოებს შორის შესაძლო წარმოქმნილ მცირე კრიზისულ ვითარებასაც კი, ვერ არეგულირებს და პროცესი ჩიხში შეჰყავს.
ამ ვითარებაში, ბუნებრივია, ყველა ცდილობს სიტუაცია გამოიყენოს თავისი შესაძლებლობებისა და სტილის შესაბამისად… ზოგი გულწრფელად, ზოგი პოპულიზმით, ზოგიც კიდევ პიროვნული დაპირისპირების ჭრილში გადაყვანით ცდილობს ავტორიტეტის მოპოვებას, რაც ჩემის აზრით მცდარი გზაა. ამიტომ, მივმართე შესაბამის სამსახურს, კონკრეტულ შემთხვევებში შეიმუშაოს არგუმენტირებული რეკომენდაციები და მოგვცეს გარკვეული ორიენტირი, ქონების პირდაპირი წესით განკარგვის, ან აუქციონის წესის მიზანშეწონილობის შესახებ.
იქნებ შევიმუშავოთ გარკვეული კრიტერიუმები, რომლებიც ყველას მოგვცემს სწორ მიმართულებას, ყოველგვარი პოპულიზმისა და პარტიული კუთვნილების გარეშე, ობიექტურად მივუდგეთ ჩვენი ქალაქის პრობლემებს.
ყველა ერთპიროვნულად თუ ერთსულოვნად მიღებულ გადაწყვეტილებას წინ გამოცდა ელის და დრო უკეთ შეაფასებს. ამასთან ერთად, არსებობს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ეს არის შინაგანი, მორალური, დაუწერელი კანონი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს ავალდებულებს, პირველ რიგში ვიყოთ ქალაქელი, და ამ ნიშნით ვიმოქმედოთ. მე, როგორც ოზურგეთელი, სისხლხორცეულად დაინტერესებული ვარ, ჩემი ქალაქის განვითარებით და მხარს დავუჭერ ყველა იმ ინიციატივასა, თუ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქალაქის კეთილდღეობას.
( R)