საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ მოაწერეს.
აღნიშნული მემორანდუმის საგანს წარმოადგენს სამინისტროსა და სააგენტოს საქმიანობის სფეროების ფარგლებში, თანამშრომლობა გენდერული თანასწორობის საკითხებზე, განსაკუთრებით, დევნილი ქალებისა და გოგონების ეკონომიკური გაძლიერებისა და სამართლებრივი დახმარების მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია და სამინისტრო გააგრძელებენ თანამშრომლობას სამინისტროს ტერიტორიულ ერთეულებში დევნილთათვის უფასო იურიდიული მხარდაჭერის კუთხით. განსაკუთრებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მიწაზე ხელმისაწვდომობა, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების რეგისტრაცია, საგადასახადო საკითხები, სოციალურად დაუცველ და იძულებით გადაადგილებულ პირთა შემწეობა, განსახლება და შემოსავლის მომტანი შესაძლებლობები.
მემორანდუმის თანახმად, სამინისტროში გენდერულ საკითხებში სპეციალისტის პოზიცია შეიქმნება, რომელიც უზრუნველყოფს გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელებას იძულებით გადაადგილებულ პირთა საარსებო წყაროების პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმების განხორციელების პროცესში. სპეციალისტი ასევე იმუშავებს სამინისტროს სხვა პროგრამებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში გენდერული თანასწორობის საკითხების ასახვაზე, უზრუნველყოფს სამინისტროს აქტიურ ჩართულობას გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ეროვნული პოლიტიკის განხორციელებისას.
(R)