საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე პოლიტიკაში ბრუნდება. ჩხაიძე ჩოხატაურის და ლანჩხუთის მაჟორიტარობას გეგმავს და ამის შესახებ პირველი, ექსკლუზიური კომენტარი „გურია ნიუსს“ მისცა.
ამბობს, რომ კენჭისყრას დამოუკიდებლად აპირებს და არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასთან მოლაპარაკებებს „პატრიოტთა ალიანსი“ და ლევან მამალაძის პარტია აწარმოებს სიცრუეს უწოდებს.
ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბევრი რამ არის გამოსასწორებელი _ მათ შორის შესაქმნელია სამუშაო ადგილები, მისახედია სპორტი, რკინიგზა და ა.შ.
მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ საკუთარი თავის იმედად აპირებს და მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი აქვს.
_ ბატონო აკაკი, თქვენ წლების წინ იყავით თანამდებობის პირი. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში და პოლიტიკაშიც. ახლა, ჩოხატაური და ლანჩხუთი ერთ მაჟორიტარს ირჩევს… ვისი იმედით აპირებთ ჩოხატაურელთა ხმებისთვის ბრძოლას, თქვენი მეგობრის, ვასილ ჩიგოგიძის ხომ არა?
_ არც ვასიკოს იმედი მაქ, არც პეტრეს და არც ივანეს. მე ჩემი თავის იმედი მაქვს.
_ ჩოხატაურელების გულის მოგება ლანჩხუთელი კაცისთვის ადვილი არ იქნება…
_ ყველაფერი იქნება კარგად.
_ ჩვენი ინფორმაციით, თქვენთან რამდენიმე პარტიას ჰქონდა მოლაპარაკება. მათ შორის „პატრიოტთა ალიანსს“ და ლევან მამალაძეს. როგორ ფიქრობთ, ამის მიზეზი რა არის _ ის, რომ კარგი პოლიტიკოსი ხართ, თუ ბევრი ფული?
_ ფული რომ იყოს და კარგი ამბავი რომ იყოს, არც მივიღებდი მონაწილეობას. არჩევნებში მონაწილეობას იმისთვის ვღებულობ, რომ ჩემი რაიონის ხალხი დავასაქმო, შევქმნა სამუშაო ადგილები, ადგილზე დამზადდეს პროდუქცია _ ამის შესაძლებლობა ნამდვილად არის. მინდა სპორტს, ჩემს რკინიგზას და ტრანსპორტს დავეხმარო, რომელიც ქვეყნისთვის საჭიროა.
_ ისევ რკინიგზაზე საუბრობთ? რკინიგზის შეფობა, რის გამოც დაგაკავეს და მილიონები გადაგახდევინეს ცუდად არ გახსენდებათ?
_ არა, ცუდად არ მახსენდება და მარტო რკინიგზაზე ვფიქრობ. ის ხალხი, ვინც იყო ქვეყანამ იცის და მაგით არ ვსაზღვრავ. რკინიგზაზე ვმუშაობდი 75 წლიდან, რკინიგზის პროფესორი და აკადემიკოსი ვარ და ახლა სოფლის მეურნეობაზე ვიფიქრო?!
_ ეს გავიგეთ, მაგრამ ჩოხატაურთან რკინიგზა რა შუაშია?
_ ამაზე დამატებით ვსაუბრობ, ეს პარალელურად იქნება. არ ვამბობ, რომ იქ მივალ და ვიმუშავებ. პარლამენტიდან გავაკეთებ საჭირო საქმეს, რომელიც კანონმდებლობის კუთხით არის მოსაწესრიგებელი, _ აღნიშნა ჩხაიძემ გურია ნიუსთან საუბრისას.