ოქროყანაში 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი დღეს გამართულ აუქციონზე „საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა" შეიძინა.
ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გამართლ ბრიფინგზე ფონდის წარმომადგენელმა, ირაკლი ქარსელაძემ დაადასტურა.
"აუქციონში საქართველოს თანაინვესტირებოს ფონდმა შვილობილ კომპანიასთან ერთად მიღო მონაწილეობა და გამოცხადდა გამარჯვებულად",-აღნიშნა ქარსელაძემ.
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებული აუქციონი დღეს, 17.00 საათზე დასრულდა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აუქციონზე გამოტანილი იყო ოქროყანის ტერიტორიაზე არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. აუქციონის პირობების თანახმად, გასაყიდი ტერიტორიის საწყისი ფასი 6 233 000 ლარს შეადგენდა. აუქციონში მონაწილეობა ერთმა პრეტენდენტმა მიიღო. გაყიდული ქონების ფასმა 6 326 495 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები.
აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, სამშენებლო ნებართვის აღებიდან არაუგვიანეს 36 თვის ვადაში, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 48 თვის ვადაში, განახორციელოს 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომლის განაშენიანების ფართი უნდა იყოს არაუმეტეს 20 000 კვ.მ. აუქციონში გამარჯვებულმა უნდა განახორციელოს გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა, განახლება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რეკრეაციული სივრცის განვითარება და საირიგაციო სისტემის მოწყობა.