"მილანისა" და იტალიის ნაკრების ლეგენდარული მცველის, ალესანდრო კოსტაკურტას არანაკლებ ცნობილმა მეუღლემ და მოდელმა მარტინა კოლომბარიმ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში, რომელიც ახლახან გამოიცა, აღიარა, რომ თავის მეუღლეს ღალატობდა.
მარტინას ცნობით, მან რამდენიმე ღამე გაატარა სხვა მამაკაცთან, რადგან იმ დროს მასა და ალესანდროს შორის უთანხმოება იყო და ისინი დაშორებაზე ფიქრობდნენ.
თუმცა, შემდგომში პრობლემა მოგვარდა და ამჟამად ისინი ერთად ცხოვრებით ტკბებიან და ზრდიან საერთო ვაჟიშვილს, სახელით – აქილევსი.
საინტერესოა, რომ კოსტაკურტას არ მიუქცევია ყურადღება მეუღლის აღიარებისთვის და არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.
მარტინა კოლომბარი წლების განმავლობაში ითვლებოდა იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და სასურველ ქალად, რომლის გულის მოგებას არაერთი ცნობილი სპორტსმენი ცდილობდა, მათ შორის ცნობილი მოთხილამურე ალბერტო ტომბა, რომელთანაც მარტინა გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობდა, სანამ ალესანდრო კოსტაკურტას შეხვდებოდა.