პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს"აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არმაზ ახვლედიანი კარგა ხანია აღარაა პარტია "ქართული ოცნების" წევრი.
"თავისთავად ის ფაქტი, რომ არმაზ ახვლედიანი აღარ არის "ქართულ ოცნებაში", ესეც არის იმის ნიშანი, რომ პარტია სერიოზულად მუშაობს გაჯანსაღებაზე. მათ შორის საკადრო მიმართულებით"-განუცხადა ჟურნალისტებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, არმაზ ახვლედიანს მისი არაადექვატური ქმედებებისა და განცხადებების გამო დაახლოებით ერთი წლის წინ შეუჩერდა პოლისტსაბჭოს წევრობის სტატუსი.
"არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია წასულია პარტია "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან". მას დიდი ხანია დატოვებული აქვს პარტიის პოლიტიკური საბჭო. ელემენტარული ინფორმაციაც კი არ აქვს იმის თაობაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს პარტიაში. არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებები არ არის რელევანტური ჩვენთვის, ის არ არის ღირებული პოლიტიკური ფიგურა იმისათვის, რომ განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთოთ. მის განცხადებებს სერიოზულად ვერ მოვეკიდებით"-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ამავე თემაზე: არმაზ ახვლედიანი "ქართულ ოცნებას" ტოვებს _ "სამი წელია ვიბრძვი მანკიერი მმართველობის შესაცვლელად"


































































