ზემო ფონიჭალაში მდებარე №206 საბავშვო ბაღსა და გლდანის I მკ/რნ-ში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე მდებარე №35 საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების რეგისტრაცია 16 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.
მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge
№206 საბავშვო ბაღი 260 ბავშვს მიიღებს, №35 ბაღში დარეგისტრირებას კი 350 პატარა შეძლებს.
აღნიშნული ბაგა-ბაღებისთვის კადრების შერჩევა დაწყებულია. ბაღები, ძირითადად, საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის გზით შერჩეული კადრებით, ასევე, სხვა ბაღებიდან გადმოყვანილი კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდება.
№206 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომლებიც გასულ წლებში დაიხურა. მისი აღდგენა-რეაბილიტაცია სააგენტომ გასულ წელს შეძლო. რაც შეეხება №35 საბავშვო ბაღს, ის 2015 წელს, განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით აშენდა. ორივე საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო და აღიჭურვა.
გარდა ზემოთაღნიშნული ბაღებისა, წლის განმავლობაში თბილისში კიდევ 4 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება.