_ ამ რამდენიმე თვის წინ, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში ავღანეთში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა. მე საშუალება მქონდა ეს მართლაც გმირი მეომარი ჰოსპიტალში მომენახულებინა. ალეკო ასევე მოინახულა ამერიკის პრეზიდენტმა. ყველა აღტაცებით მესაუბრებოდა ალექსანდრე ტუღუშის განსაკუთრებულ სულიერ სიმტკიცეზე, გამძლეობასა და იმაზე, თუ როგორ უმკლავდება იგი გასაჭირს ახლა, როგორ უმკლავდებოდა საბრძოლო მოვალეობას ავღანეთში… შემდეგ შესაძლებლობა მქონდა შევხვედროდი მის მშობლებს ოზურგეთში და მაშინ მივხვდი, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება და გმირები ჰაერიდან არ ჩნდებიან. მათ წარმოშობს ჩვენი მიწა-წყალი და ისინი, უპირველესად იზრდებიან კონკრეტულ ქართულ ოჯახებში. თუკი რომელიმე ზუსტი ცნებით შეიძლება მისი მშობლების დახასიათება, ეს არის ღირსება. საქართველოსთვის ასეთი გმირის აღზრდისთვის, მსურს, ალექსანდრე ტუღუშის დედა ქალბატონი თინა და მისი მამა ბატონი ზურაბი, ყველა თქვენგანის სახელით, ღირსების ორდენით დავაჯილდოვო, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო აღლუმის ჩაბარების დროს.