გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე "ჯორჯიან რესორს კომპანიას" წარმომადგენელს გივი პეტრიაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე სოციალურ – ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების საკითხებზე იმსჯელეს.
„ჯორჯიან რესორს კომპანია“ საძიებო-შესწავლით სამუშაოებს 2011 წლიდან აწარმოებს. აღნიშნული კომპანია „ლიდიან ინტერნეშენალის“ (Lydian International Ltd.) 100% შვილობილია, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ოქროს გოგირდ-ქოლჩედანური გამოვლინების შესწავლა-მოპოვების 40 წლიან ლიცენზიას ფლობს.
„დღევანდელ შეხვედრაზე „ჯორჯიან რესორს კომპანია“-მ წარმოადგინა ის სავარაუდო ბიუჯეტი და სოციალური პაკეტი, რომლის განხორციელებასაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში აპირებენ. ზოტში მათ უკვე აღჭურვეს ინვენტარით საბავშვო ბაღი და ასევე, შევთანხმდით უფრო დიდი მასშტაბის სოციალური პროექტის განხორციელებაზე, როგორიცაა ბეტონის გზის დაგება.
გავიარეთ ყველა დეტალი და შევხვდებით ზოტის მოსახლეობას, რათა გავაცნოთ ის პროექტები, რომლებიც კომპანიის წარმომადგენლებმა წარმოგვიდგინეს. მზად ვართ ინვესტორებთან მჭიდრო ურთიერთობებისთვის და სახელმწიფო თავისი კომპეტენციის ფარგლებში მხარს დაუჭერს ისეთი პრიორიტეტული პროექტების განხორციელებას, რომლებიც მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს,“- აღნიშნა გია სალუქვაძემ.
გუბერნიაში გამართულ შეხვედრას გუბერნატორის მოადგილეები – ქეთევან მოისწრაფეშვილი, გია ებრალიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა და ზოტის რწმუნებული თემურ კონცელიძე დაესწრნენ.
(R)