ბათუმი, ოზურგეთი, ზუგდიდი, ფოთი, ქუთაისი, ახალქალაქი, გორი, მარნეული და თელავი – საქართველოს 9 ქალაქში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოფენას აწყობს.
უნიკალური გამოფენა უკვე შედგა ბათუმში და დღეს ქალაქ ოზურგეთში იმართება. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის უფროსი სპეციალისტის ნატო ჩადუნელი თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი არის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდან, ფონდებიდან უნიკალური მასალები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ. წარმოდგენილია პოლიტიკოსების კოლექციები, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, საქართველოს პირველი კონსტიტუცია, ასევე ფრანგულ ენაზე ნათარგმნი საქართველოს კონსტიტუცია და 26 მაისს პრესაში გამოქვეყნებული მასალები.
ქალაქ ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში ხუთ საათამდე დაინტერესებულ პირებს შეუძლია ნახონ ნოე ჟორდანიას საბეჭდი მანქანა, ნოე ჟორდანიას სამელნე, ნოე რამიშვილის სავიზიტო ბარათი, ხელჯოხები ნოე რამიშვილის, ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, კონსტანტინე კანდელაკის. 1918-21 წელს დაწესდა პირველი ქართული ჯილდო თამარ მეფის ორდენის სახელით, რომელიც გადაეცა ნიკო ნიკოლაძეს.
ასევე არის წარმოდგენილი უნიკალური ფოტოები მათ შორის, გერმანელების ჩამოსვლა 1918 წელს, სადაც მხარდაჭერას უცხადებდნენ დამოუკიდებლობის აქტის მისაღებად ქართველებს.
უნიკალურ გამოფენას ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები დაესწრო.