"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ყრილობაზე დასასწრებად გურიიდან დელეგაცია უკვე გაემგზავრა. დელეგატთა მობილიზაციის წესები არ შეცვლილა _ სახელისუფლებო პარტიის ოფისის მიმდებარე ტერიტორია, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს, ადრიანი დილიდან საჯარო მოხელეებით იყო სავსე.
მათ შორის "გურია ნიუსმა" ის ადამიანები დააფიქსირა, რომლებიც 4 წლის წინ, ზუსტად ასეთივე შემართებით მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მიდიოდნენ. უფრო მეტიც, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს პარტიის სახეებად ითვლებოდნენ და იმდროიდნელი ხელისუფლების მხარდასაჭერად ყველაფერს აკეთებდნენ. ზოგიერთი მათგანი კი, 2012 წლის არჩევნებზე არჩევნების გაყალბებასაც არ მორიდებია, რასაც "გურია ნიუსის" ფოტო და ვიდეო არქივიც მოწმობს.