"ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გზაზე" _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს.
_ მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი გამოწვევაც არის. ჩემი კოლეგების, თანამოაზრეებისა და თანაგუნდელების გულწრფელი მხარდაჭერა და ნდობა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას. მე მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.
დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და მის პირველ თავმჯდომარეს, რომლის შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა და მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება. ასეთი პრეცენდენტი საქართველოს მანამდე არ ჰქონია.
ჩვენმა პარტიამ, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარა. სულ მოკლე ხანში, დევნისა და შევიწროების მიუხედავად, ქართული ოცნება ახალშექმნილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიიდან ქვეყნის მმართველ პარტიად იქცა და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ურთულეს და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში უხელმძღვანელა პარტიას და, როგორც პრემიერ-მინისტრმა, წარმატებით გააგრძელა ქვეყნის მართვა, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.