"ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" IV ყრილობაზე პარტიის ახალარჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა პირველი დავალება უკვე გასცა. "მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივმართო ყრილობის დელეგატებს, საკრებულოების ,"ქართული ოცნების" ფრაქციების წარმომადგენლებს: მიიღეთ ეს დავალებად – ხვალიდანვე დაიწყეთ პირდაპირი შეხვედრები მოსახლეობასთან, კონკრეტულად განსაზღვრეთ პრობლემები ადგილებზე, რათა კიდევ უფრო ზუსტი ინფორმაცია გვქონდეს ჩვენი ხალხის საჭიროებებზე და მზად ვიყოთ რეაგირებისთვის", – მიმართა პრემიერმა თანაგუნდელებს.
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, კახა კვაჭაძემ "გურია ნიუსთან" საუბრის დროს თქვა, რომ დეპუტატი ისედაც უნდა ინტერესდებოდეს ამომრჩევლის პრობლემებით. "აუცილებლად გავითვალისწინებ პარტიის თავმჯდომარის დავალებას. ამ დღეებში შევადგენ გრაფიკს და აუცილებლად შევხვდები მოსახლეობას."– გვითხრა კახა კვაჭაძემ.
"რა თქმა უნდა ყურადსაღებია, პარტიის თავმჯდომარისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადება. ადგილობრივი თვითმმართველობა, თავისი არსით მოსახლეობასთან ყველაზე ახლო მდგომი ხელისუფლებაა, ჩვენ რეგლამენტიც გვავალდებულებს ამომრჩევლებთან შეხვედრებს, ანგარიშვალდებულებას მათ წინაშე, რასაც სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით. მოსახლეობისგან წამოსული ინიციატივების დანახვა და განხორციელება არის უმთავრესი და ამაზე ფრაქციის ყველა წევრი ვთანხმდებით.“ – ამბობს ჩვენთან საუბრის დროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ფრაქცია "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, გოჩა კილაძე.
მისივე თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, მოქალაქეებთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციის მიზნით, ახალი ნოვაციური პროექტების განხორციელებაც დაიწყო, მათ შორის პირდაპირი ეთერები საკრებულოს სხდომიდან, საზოგადოებრივი ჩართულობის ცენტრები, ონლაინ გამოკითხვა სოფლის პრობლემების შესახებ.
"ჩვენი ვალდებულებაა შევხვდეთ მოქალაქეებს, ადგილზე გავეცნოთ სოფლის პრობლემებს და მოვუსმინოთ მათ, ფრაქციის წარმომადგენლებისა და განსაკუთრებით სოფლის მაჟორიტარების, საქმიანობის ძირითადი მიმართულება არის და სამომავლოდაც ასე გაგრძელდება, მითუმეტეს როცა ასეთ კონკრეტული მითითება პარტიის ლიდერის განცხადებაშიც გაჟღერდა." – გვითხრა გოჩა კილაძემ.