"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს ოზურგეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ღურჯუმელიძე ამბობს, რომ 22 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წინააღმდეგ უსაფუძვლო, ცილისწამებლური ხასიათის განცხადებები კეთდება.
"ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ოზურგეთში, კერძოდ დაბა ნასაკირალში და ქალაქ ოზურგეთში ხელისუფლება მოწინააღმდეგეთა მხარდამჭერებს აშინებს და მათ მოსყიდვებს ახორციელებს. აღნიშნული ინფორმაცია ყოველგვარ რეალობას მოკლებულია. სამწუხაროა, რომ ოპოზიციური პარტიები ოპონენტებთან ბრძოლის ბინძურ მეთოდებს მიმართავენ და ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს. " – ამბობს ღურჯუმელიძე.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ, გამჭვირვალე და მშვიდ გარემოში. შესაბამისად, ნებისმიერი სახის დარღვევა ან ფაქტი, რომელიც ჩრდილს მიაყენებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პროცესს, ჩვენთვის არის მიუღებელი და ამას "ქართული ოცნება” არ დაუშვებს.


































































