ამ წუთებში შემოქმედის ეპარქიაში ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს და სასულიერო პირებს ხვდება. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, რა მიზნით ხვდება მინისტრი სასულიერო პირებს.
დავით ბაქრაძის თქმით, სასულიერო პირებთან შეხვედრამ ტრადიციული სახე მიიღო. "2015 წელს დაახლოებით 10 შეხვედრა გვქონდა სასულიერო პირებთან და წელსაც გრძელდება ეს შეხვედრები ეპარქიებში. მიგვაჩნია, რომ ისეთი მაღალი ნდობის ინსტიტუტთან, როგორიც მართმადიდებელი ეკლესიაა, ძალიან მნიშვნელოვანია საუბრები იმ საკითხებზე, რაც უკავშირდება საქართველოს ევროპულ არჩევანს. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე წელიწადში ერთხელ ან ორჯერ მაინც პოულობს შესაძლებლობას აუცილებლად აღნიშნოს საქართველოს ევროპული არჩევანის და საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ. თუ ამ ინსტიტუტში არის კითხვები ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით ჩვენ ვართ ამისთვის, რომ ყველა კითხვას გავცეთ ამომწურავი პასუხი.“ – გვითხრა დავით ბაქრაძემ.
შეხვედრა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს, არასამთავრობო ორგანიზაცია "21-ე საუკუნეს" მიერ არის ორგანიზებული. მინისტრის თქმით, შეხვედრის თემაა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთობის პრაქტიკა ევროკავშირის ქვეყნებში.































































