მოლოდინმა გაამართლა _ “გურული ბიჭების” პირველი გამოსვლა წარმატებული იყო.
ბენდი ჩოხატაურელი ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, ხელმძღვანელი კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი გოჩა გათაშვილია. წევრები ქასთინგით შეარჩია: თემურ ჩხიკვაძე, გელა ცინცაძე, ბაჩო სიხარულიძე, დიმა ბარამიძე, ედიშერ ღამბაშიძე, ნოდარიკო ცინცაძე _ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც აღნიშნულ ბენდში გაერთიანდნენ და გურულების ნიჭიერება კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს საზოგადოებას.
25 მაისს “გურულმა ბიჭებმა” ეთნოჯაზი და ხალხური მრავალხმიანი სიმღერების სინთეზი შესთავაზეს მსმენელს.
ამ დღეს გოჩა გათაშვილის შეფასება პუბლიკას არა მხოლოდ ბენდის ხელმძღვანელის რანგში მოუწია _ კონცერტზე მისი კომპოზიცია ნოდარიკო ცინცაძემ თავისი შესანიშნავი ხმით შეასრულა.
“გურული ბიჭების” პრეზენტაციას გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი და მისი მოადგილე, ლელა თავართქილაძეც დაესწრნენ. ჩიტაიშვილის თქმით, “გურულ ბიჭებს” წარმატებები ჯერ კიდევ წინ აქვთ:
_ ძალიან ნიჭიერები არიან. მოხიბლული დავრჩი. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს მიაღწევენ. მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ამ ბენდის შექმნას ხელი შეუწყო და მომავალშიც ასე იქნება. ასეთ კარგ პროექტებს ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს და გვერდში დავუდგებით, _ აღნიშნა გუბერნატორმა.
ცოტა ხნის წინ, გურიის ახალგაზრდულ გაზეთთან საუბრისას, კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამარ კეკელიძემ აღნიშნა, რომ “გურულია ბიჭები” თავიან სათქმელს იტყოდნენ. ჩოხატაურში სათქმელი უკვე ითქვა, თან ძალიან მაღალ დონეზე. იმედია, ახალი ბენდი თავის შემოქმედებას მალე ფართო საზოგადოებას გააცნობს და ჩოხატაურს წარმატებებს მოუტანს.