სამწუხაროა, რომ დავით კოღუაშვილმა ორიოდ დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" ახალი სახის, დავით კოღუაშვილის განცხადებების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, დავით კოღუაშვილი მისი მეგობარია და არ განიცდის დადებით დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ.
„დავით კოღუაშვილი ჩემი ახლო მეგობარია, მას ნამდვილად ვერ დავწამებ, რომ დადებით სენტენციებს განიცდის სააკაშვილის ხელსიუფლების მიმართ. თუმცა, უნდა ვთქვა – სამწუხაროა, რომ მან ორიოდე დღეში მოხსნა ყველანაირი რეკორდი ძალიან დაუფიქრებელი განცხადებების“, – აღნიშნა პრემიერმა.
ამასთან, გიორგი კვირიკაკშვილისთვის მიუღებელია ის განცხადებები, რომელიც კოღუაშვილმა პარტიის ახლანდელი და უკვე შესაძლო ყოფილი წევრების მიმართ გააკეთა.
„მე თვითონ პირადად ძალიან ვუფრთხილდები, რომ გავაკეთო ისეთი განცხადებები, რომ პიროვნულად რაიმე შეურაცხყოფა მივაყენო ან გული ვატკინო ჩვენს ყოფილ და დღევანდელ თანაგუნდელებს. დღეს არის განახლების პროცესი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითეულს გავუფრთხლედ, დავითის განცხადება იყო საკმაოდ დაუფიქრებელი“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დავით კოღუაშვილი ზოგიერთი განცხადება "ცოტა კონტექსტიდან ამოგლეჯილი იყო, თუმცა მას მეტი დაფიქრება მართებს, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს".