ცესკომ საარჩევნო ადმინისტრაციის არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა დაამტკიცა. ამ დოკუმენტის მიხედვით, ცესკო იღებს ვალდებულებას მისი პასუხისმგებლობის და კომპეტენციის ფარგლებში არსებული საკითხების გათვალისწინებით, მართოს ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების სანდოობა იმ მიდგომების და მეთოდების საფუძველზე, რომლებიც წარმოდგენილია არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმაში. აღნიშნული დოკუმენტი ისეთ ძირითად პრიორიტეტებს მოიცავს, როგორიცაა საარჩევნო დავები, ხმების დათვლა, არჩევნების უსაფრთხოება და ა.შ.
არჩევნების სანდოობის რისკების მართვის გეგმა 20 მაისს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა, სადაც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რომ ეს გეგმა რამდენიმეწლიან პერსპექტივაში, მნიშვნელოვან შედეგს მოუტანს საარჩევნო ადმინისტრაციას და ზოგადად საარჩევნო პროცესს.
საარჩევნო ადმინისტრაციაში რისკების მართვის გეგმა რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა. პროცესში ჩართული იყვნენ, როგორც ცესკოს წევრები და აპარატი, ისე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტები.