ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფისში საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.
დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები გლდანის გარდაბნის, კასპის, წყალტუბოს, ოზურგეთის, ხობის და ზუგდიდის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქების 45 საარჩევნო უბანზე ტარდება.
ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა დროულად, დილის 7:00 საათზე. დამკვირვებლებს, პოლიტიკური სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაკვირვებოდნენ კენჭისყრის წინა პროცედურებს. შესაბამისად წილისყრით ფუნქციები განაწილებულია კომისიის წევრებს შორის და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გადაცემულია. კენჭისყრის წინა პროცედურებს დააკვირდა პოლიტიკური სუბიექტების 134 წარმომადგენელი და 178 დამკვირვებელი.
საარჩევნო კანონდმებლობის მიხედვით, დღეს, მხოლოდ კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. ასევე, აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში. ამას გარდა, დღეს, 20:00 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მთელი დღის განმავლბაში იმუშავებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51: ასევე, ონლაინ ჩათი. მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.
დღეს, მთელი დღის მანძილზე, საარჩევნო ადმინისტრაცია მიაწოდებს ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ პირებს.