გურიაში ზაფხული პოლიტიკურამ მეტად ცხელი იქნება. განსაკუთრებით, მაშინ, როცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალში შუალედური არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" წააგო, რისი მოლოდინიც ხელისუფლებას არ ჰქონდა.
ვის ეკისრება ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა არჩევნების წაგების შემთხვევაში? "გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს პარტია "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ დავით დარჩიამ.
როგორც წყარო ამბობს, მოთხოვენ თუ არა განცხადების დაწერას თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ორ დღეში გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია ერთი დეტალიც _ ამ მარცხის გამო, ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატად დავით დარჩიას კანდიდატურის დასახელება, სავარაუდოდ, უკვე გამოირიცხა.
"გურია ნიუსმა" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირება ვერ მოახერხა _ მან ჩვენ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
საკრებულოს პრესსამსახურში კი დაგვიკონკრეტეს, რომ დავით დარჩია ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებს.































































