ქალაქ ოზურგეთში შუალედურ არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატმა, ვასილ ჩიგოგიძემ გაიმარჯვა. მისი კონკურენტი დამოუკიდებელი კანდიდატი, გრიგოლ კალანდარიშვილი იყო.
"მოგეხსნებათ არჩევნებში დავმარცხდი. ასეთ შემთხვევაში ცივილიზებული ურთიერთობების წესია და ეტიკეტიც მოითხოვს, რომ გამარჯვებულს მიულოცო და წარმატებები უსურვო.
მეც არ გადავუხვევ ამ წესს და ვულოცავ ბატონ ვასილ ჩიგოგიძეს გამარჯვებას, ვუსურვებ წარმატებას და გამძლეობას, რაც უთუოდ დასჭირდება იმ, გარკვეულწილად არარეალური და მინიმუმ რთულად შესასრულებელი დაპირებების შემდეგ, რაც უხვად დაარიგა მისმა "ოცნებამ" წინასაარჩევნო კამპანის დროს."– ამბობს გრიგოლ კალანდარიშვილი.
კალანდარიშვილი დამარცხების მიზეზებზეც საუბრობს.
"დიახ, დავმარცხდი მათემატიკური გამოანგარიშებით, მაგრამ, გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მივაღწიე მორალურ გამარჯვებას და აი რატომ.
ათიდან ოთხმა ამომრჩეველმა ჩემს სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი და ეს იმ პირობებში, როცა: "ქართული ოცნების" მხრიდან წინა და უშუალოდ საარჩევნო პროცესში მაქსიმალურად იყო ჩართული მთელი სახელისუფლებო რესურსი, თანაც ისეთი მიუღებელი ფორმებით, როგორიცაა ფარული თუ ღია მუქარა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისა და და მათი ნათესავების მიმართ.
წინასაარჩევნო კვირაში ერთიმეორეს მიყოლებით ჩამოდიოდნენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სხვადასხვა ობიექტების პომპეზურ გახსნაში მონაწილეობის მისაღებად, რეალურად კი კანდიდატის მხარდაჭერის გამოსახატად, ხოლო არჩევნების ღამეს, ხმების დათვლის პარალელურად კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორია ლამის უმრავლესობის სხდომის დარბაზს დაამსგავსეს.
საჯარო მოხელეებმა კოორდინატორების პროფესია შეითავსეს და ხალხს ხმის მიცემის სანაცვლოდ კონკრეტულ თანხებს სთავაზობდნენ, არჩევნების დღეს კი ლამის ძალად გამოჰყავდათ სახლებიდან და "საპატიო ესკორტით“ მოაცილებდნენ უბნებამდე."– თქვა კალანდარიშვილმა.
მისივე თქმით, "დარღვევების, ფსიქოლოგიური ზეწოლისა და მოქრთამვის კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ მეტად თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ გეტყვით, რომ ასეთ პირობებში თითქმის 40 პროცენტის აღება, უპირველესად თავად ამომრჩევლების გმირობის ტოლფასია და მკაფიო სიგნალია ხელისუფლებისათვის, რომ ოქტომბრის არჩევნებზე მათ მძიმე დარტყმის გადატანა, ანუ დათესილის სრულად მომკა მოუწევთ.
თუნდაც ამისთვის ღირდა ბრძოლაში შესვლა და მე, გრიგოლ კალანდარიშვილი სულაც არ ვთვლი თავს დამარცხებულად!
გპირდებით, რომ ჩემ მხარდამჭერებთან ერთად, როგორც არასდროს, ხმალამოწვდილი ვიბრძოლებ, მშვიდ ძილს აღუკვეთავ ხელისუფლებას, ვიდრე გაცემულ დაპირებებს სრულად არ შესარულებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კარს მომდგარ ოქტომბრის არჩევნებზე მოიმკიან იმას, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე, ფუჭი დაპირებებითა და ტყუილით დათესეს."– გვითხრა გია კალანდარიშვილმა.
































































