ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შუხუთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი აკაკი იმნაიშვილი შუხუთის მოსახლეობის მოთხოვნას ასაჯაროებს და მათი სახელით სოფლის სკოლის მიმდებარედ, ცენტრალურ მაგისტრალზე, ავტომობილებისთვის სიჩქარის შემაფერხებლის გაკეთებას ითხოვს.
"ბავშვების უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია შემაფერხებლის დამონტაჟება, სანამ სავალალო შედეგი დამდგარა. მაგისტრალის ის მონაკვეთი, რაზეც მე ვსაუბრობ, საკმაოდ გადატვირთულია, აცანა-მამათის გზა აქ უერთდება ცენტრალურ საავტომობილო გზას. მოსახლეობის დიდი სურვილია, რომ სკოლასთან გადასასვლელზე შემაფერხებელი გაკეთდეს, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ შეძლონ გზის გადაკვეთა. მითუმეტეს ბოლო დღეებში არაერთი ავტოავარია მოხდა ლანჩხუთში და ამის ფონზე ეს საკითხი უფრო აქტუალური გახდა," -ამბობს შუხუთის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
თავის მხრივ მუნიციპალიტეტის პირველი პირი ზაზა ურუშაძე შუხუთის მაჟორიტარს პირობას აძლევს, რომ საკითხის დადებითად გადაჭრის თხოვნით შუამდგომლობას გაუწევს საპატრულო პოლიციასთან, თუმცა საამისოდ, მისი თქმით, მოსახლეობიდან გამგებლის სახელზე მომართვაა აუცილებელი.