"ნაციონალური მოძრაობა" 2016 წლის 8 ოქტომბრამდე საპარლამენტო საქმიანობა წყვეტს.
როგორ პარტიის პრესსამსახურში აცხადებენ, ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, რა ფორმით შეწყვეტს "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას. კერძოდ, პარტიაში არ არის გადაწყვეტილი მიიღებენ თუ არა ისინი მონაწილეობას ბიუროებისა და კომიტეტების საქმიანობაში.
პარტიაში ამბობენ, რომ ბოიკოტის გამოცხადების მიზეზი კორცხელში მომხდარი მოვლენებია.
"რადგან არ მოხდა კორცხელში განვითარებულ მოვლენებზე ადეკვატური რეაგირება, არ დასჯილან დამნაშავეები, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება საპალამენტო საქმიანობა შევწყვიტოთ", _ აღნიშნეს "გურია ნიუსთან" საუბრისას პარტიის პრესსამსახურში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დღევანდელ სხდომაზე ირმა ნადირაშვილმაც გააკეთა.
"კორცხელში, საშინელი ცემა-ტყეპის შემდეგ, ერთ-ერთი ქალბატონი კორცხელის საარჩევნო უბანზე მივიდა და თქვა, რომ "ოცნების" მხარდამჭერი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაპირისპირება იხილა, ხმას "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევდა.მისივე განცხადებით, გუშინდელმა მიტინგმა აჩვენა, როგორ აშანტაჟებდა კახი კალაძე შს მინისტრს.
მთავრობამ პირდაპირ აიღო პასუხისმგებლობა მოძალადეებზე და დაადასტურა, რომ მთავრობა იყო დავალების გამცემი. მთავრობა აღარ ცდილობს, რომ დანაშაული შენიღბოს მაინც. პროკურატურა დაკომპლექტებულია ივანიშვილის მონებით და პარლამენტის ერთადერთი ფუნქციაა, მთავრობის დანაშაულებრივი ქმედებების "გაპრავება". ამ პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას წარმოუდგენლად ვთვლით მანამდე, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან. ვაპირებთ, რომ 2016 წელს ის შედეგი დავდოთ, რაც გურიასა და კორცხელში დავდე", _ განაცხადა ნადირაშვილმა.
რაც შეეხება დღეს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებას, "ნაციონალური მოძარაობში" აღნიშნავენ, რომ ამას კავშირი არ აქვს დღეს გამოცხადებულ ბოიკოტთან.
საპარლამენტო უმცირესობის მიერ მიღებულ გადაწვეტილებას უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი გამოეხმაურა.
ვოლსკი აცხადებს, რომ ბოიკოტი კორცხელში დაწყებული პროვოკაციის გაგრძელებაა.
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატთა მიერ პარლამენტის სხდომის მიტოვება და მუშაობის გაგრძელებაზე უარის თქმა ძალიან ჰგავს კორცხელში დაწყებული პროვოკაციის გაგრძელებას… მიზანი: საერთაშორისო საზოგადოების ორიენტირება წინასაარჩევნო "უსამართლობაზე" სხვა პროვოკაციებსაც უნდა ველოდოთ), არჩევნების შედეგების გაპროტესტება ამ ნიშნით და 2003 წლის ნოემბრის მოვლენების გამეორების მცდელობა", _ აცხადებს ვოლსკი.