"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით დარჩიას ამ დღეებში გადააყენებენ. ამის მიზეზად ნასაკირალში წაგებული არჩევნები სახელდება, რომელზეც პასუხისმგებლობა დარჩიას ეკისრება.
ამ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ "თავმჯდომარის შეცვლაზე საუბარი არ ყოფილა".
თუმცა, როგორც ჩვენი წყარო ამტკიცებს, წაგებული არჩევნების გამო დარჩიას გადაყენების საკითხზე პოლიტსაბჭოს წევრებმა, არაოფიციალურ ფორმატში, გუშინ იმსჯელეს.
გვითხრეს ისიც, რომ დარჩიასთან ერთად პასუხს, გუბერნატორის მოადგილეს სოსო ერქომაიშვილსაც მოსთხოვენ, რომელიც რიგგარეშე არჩევნების მოგებაზე პარტიის წინაშე იყო პასუხისმგებელი.
დარჩია ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. სოსო ერქომაიშვილი კი ამბობს, რომ პარტიის ხელმძღვანელებთან შეხვედრას ელოდება:
_ ჯერ არ მქონია ამ თემაზე პარტიის ხელმძღვანელებთან საუბარი, ველოდები მათთან შეხვედრას, სადაც დეტალებს გავივლით. ბუნებრივია, პასუხისმგებლობა მქონდა, ამას არ გავურბივარ, თუმცა, გუნდური პრინციპით.
განხილვის თემაა ვინ როგორ იმუშავა და ვინ რა გააკეთა. პირდაპირ ვამბობ _ თუ პოლიტსაბჭო, პარტიის რგოლი გადაწყვეტს, რომ მე უნდა დავტოვო, თუნდაც გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა და ეს წაადგება პოლიტიკურ პარტიას, მზად ვარ პირნათალდ შევასრულო ეს სახელმწიფოებრივი მიდგომებიდან გამომდინარე, _ აღნიშნა გურია ნიუსთან საუბრისას ერქომაიშვილმა.
გურია ნიუსი წყაროს ინფორმაციით კი, "ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისს დარჩიას შემცვლელი უკვე ნანახი ჰყავს _ ამ პოსტზე ქალაქ ოზურგეთის მერი ბეგლარ სიორიძე განიხილება, რომლის დამსახურებადაც მიიჩნევენ ქალაქში მოგებულ არჩევნებს.
სიორიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე საუბარი პარტიის ხელმძღვანელებთან არ ჰქონია და არც პარტიის თავმჯდომარეობას გეგმავს.