ეს შემთხვევა გვახსენებს, რომ ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის დასრულებული არ არის, _ ასე გამოეხმაურა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო ხაზთან მომხდარ გიგა ოთხოზორიას მკვლელობას.
"პირველ რიგში ეს არის საზეიმო დღე, დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილე, თუმცა სევდიანი დღეც არის ჩემთვის და ყველასთვის. დღეს არის გიგა ოთხოზორიას დაკრძალვა, ადამიანის, რომელიც ცივსისხლიანად იქნა მოკლული საოკუპაციო ხაზზე. ეს შემთხვევა გვახსენებს, რომ ჩვენი ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის დასრულებული არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, მაგრამ მშვიდობით; მშვიდობის აღდგენით და შერიგების გზით. რამდენადაც ჩვენ ვეღარაფერს შევძლებთ, რომ ამ ადამიანის სიცოცხლე დავაბრუნოთ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მკვლელი და მასთან დაკავშირებული პირები მაქსიმალური სიმკაცრით დაისაჯონ. ქართული მხარე ითხოვს. რომ ისინი ქართული კანონმდებლობით წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე", _ აღნიშნა ციხელაშვილმა "გურია ნიუსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ოთხოზორიას მკვლელის დაკავების თაობაზე ინფორმაცია აქვს, თუმცა დადასტურების გარეშე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ გაავრცელებს.
"დაკავების თაობაზე არის ინფორმაცია, თუმცა ამას სჭირდება დაზუსტება და დადასტურება. ჩვენ ხვალ გვაქვს ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გალში, რომელიც ექსკლუზიურად დაეთმობა ამ საკითხს. ვფიქრობ, ბევრი დეტალი გახდება ცნობილი, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ ქართულმა სახელმწიფომ დამნაშავე დასაჯოს მაქსიმალური სიმკაცრით", _ აღნიშნა ციხელაშვილმა.