საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრო.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ყველა მოქალაქეს მიულოცა და ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობის 25-ე წლისთავი განსაკუთრებით აღსანიშნავია.
"განსაკუთრებული დღეა 26 მაისი, მაგრამ 25-ე წლისთავი განსაკუთრებით აღსანიშნავია. ვულოცავ ყველას, ვულოცავ ჯარისკაცებს, რომლებმაც დღეს სამშობლოს ერთგულებაზე ფიცი დადეს,"_განაცხადა უსუფაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე პატივი მიაგო სამშობლოს ინტერესების დაცვისთვის დაღუპულებს.
"მინდა პატივი მივაგო მათ ვინც სამშობლოს, ყველაზე ძვირფასი რამ, სიცოცხლე შესწირა. მათ შორის რამდენიმე დღის წინაც. ვისურვოთ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ჯარისკაცების, მოქალაქეების, პარტნიორების, მეგობრების მთელი მსოფლიოდან, საქართველოში მშვიდობა იქნება,"_განაცხადა უსუფაშვილმა.


































































