ბრიტანელი მომღერლის, რობი უილიამსის კონცერტისთვის მზადება თითქმის დასრულებულია.
დინამო არენაზე უკვე განთავსებულია საკონცერტო სცენა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ნინა კობახიძე მოქალაქეებს აფრთხილებს და დინამო არენაზე კონცერტამდე რამდენიმე საათით მისვლას ურჩევს.
"დღევანდელ კონცერტზე დინამო არენას კარები იღება 17:00 საათზე, განსაკუთრებით ის ხალხი ვისაც სურ იდგეს ახლოს სცენასთან საჭიროა მივიდეს 5 საათზე. კონცერტი დაიწყება მოგვიანებით, თუმცა, 7 საათზე მაქსიმუმ ყველას რომ ქონდეს ადგილები დაკავებული თავიდან იქნება აცილებული დისკომფორტი კარებთან დიდი რიგების გამო.
პ.ს არენაზე ბევრი სიურპრიზი დაგხვდებათ#chekingeorgia ს პარტნიორი კომპანიებისგან", _ წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მომღერალი რობი უილიამსი საქართველოში 26 მაისს ჩამოვიდა.
როგორც მომღერალმა ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოში გემოვნებიანი, პასუხისმგებლიანი და მომთხოვნი მსმენელი ცხოვრობს.
"ერთი სული მაქვს, მივიღო თქვენი სიყვარული. ამას ძალიან ველოდები. გთხოვთ, იყავით კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ, მე თქვენი სიყვარული მჭირდება. როგორც გავიგე, ასეთი მასშტაბური კონცერტი აქამდე არ ჩატარებულა. ვიცი კარგი პუბლიკის ფასი და იმედი მაქვს, რომ მზადყოფნაში ხართ", _ განაცხადა უილიამსმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
ბრიტანელი მომღერალი საქართველოს პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში ესტუმრა. რობი უილიამსის კონცერტისთვის 37 ათასი ბილეთია გაყიდული.
Check in Georgia მთავრობის გადაწყვეტილებით ტარდება და ის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილ ყოველწლიურ ფესტივალებს აერთიანებს.
პროექტის ფარგლებში ჯამში 150-მდე ღონისძიება გაიმართება. მთავრობის განმარტებით ეს პროექტი საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას ემსახურება. Check in Georgia-ს ჩასატარებლად კატასტროფების სალიკვიდაციოდ არსებული მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 29 მლნ ლარი გამოიყო. პროექტის ფარგლებში გაერთიანებულია სხვადასხვა სახის ღონისძიებები (26 მარტიდან 30 დეკემბრამდე) და ის საქართველოს რეგიონებსაც მოიცავს. სამინისტროს ცნობით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 29 მილიონით ეროს რამაზოტის, რობი უილიამსის, MAROON 5, ხოსე კარერასისა და სხვა შემსრულებლების კონცერტები დაფინანსდება.