დიდ შვიდეულში შემავალი ქვეყნების ლიდერები რუსეთისთვის სანქციების გაგრძელების შესახებ შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას UKRINE TODAY ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივება მინსკის ხელშეკრულების შეუსრულებლობასა და უკრაინის სუვერენიტეტის უპატივცემულობას უკავშირდება.
"სანქციები შეიძლება გაუქმდეს, როდესაც რუსეთი ამ ვალდებულებებს დააკმაყოფილებს,"_ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, დიდ შვიდეულში შემავალი ქვეყნების ლიდერები, ასევე აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ რუსეთთან დიალოგის წარმოებას.
"რუსეთთან დიალოგი მნიშვნელოვანია, რომ მან შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც საერთაშორისო სამართლის ნორმებიდან გამომდინარე აკისრია, რათა მივიღოთ ყოვლისმომცველი მდგრადი და მშვიდობიანი გამოსავალი კრიზისიდან,"_განაცხადეს ლიდერებმა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები 2014 წლის ივლისში დაუწესა, ხოლო შემდეგ მინსკის შეთანხმების დარღვევის გამო ქვეყნისთვის დაწესებული შეზღუდვები გაამკაცრა.