რუსეთის პრემიერლიგის კლუბები ქართველი მორაგბეებით გაძლიერებას განაგრძობენ. კრასნოიარსკის „ენისეისა“ და „კრასნი იარის“ შემდეგ, სადაც დავით კაჭარავა, ლაშა მალაღურაძე და ვალერი ცნობილაძე თამაშობენ, კიდევ ერთ ციმბირულ კლუბში, ნოვოკუზნეცკის „მეტალურგში“ ერთბაშად სამი ქართველი გამოჩნდა.
„მეტალურგი“ ციმბირის ერთ-ერთი უძველესი კლუბია. ის 1967 წელს დაარსდა, თამაშობდა საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ჩემპიონატების უმაღლეს ლიგაში. ციმბირელებმა საუკეთესო შედეგს 1992 წელს მიაღწიეს, როდესაც რუსეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავეს და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. ბოლო წლებში გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა არ დაიშალა და ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თამაშს განაგრძობდა, ახლა კი, სამი ქართველი მორაგბით გაძლიერდა.
ბოლნისის „ყოჩების“ ბურჯი ბაჩანა გოგიშვილი, თბილისის „არმიას“ ბურჯი ირაკლი ქორიძე და ასევე „არმიას“ მესამეხაზელი ლევან დარასელია – ეს ის მოთამაშეები არიან, რომლებმაც „მეტალურგთან“ კონტრაქტი გააფორმეს.
28 მაისს ქართველებით გაძლიერებულმა მეტალურგმა 29:23 დაამარცხა მოსკოვის „სლავა“ და პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე დამკვიდრდა.
მატჩის სასტარტოში იყო სამივე ქართველი მათ შორის ჩოხატაურელი ბურჯი ირაკლი ქორიძე, რომლის წარმატებული თამაშიც ორმაგად სასიხარულოა.
„გურია ნიუსი“ ტურნირის მსვლელობისას რუსეთში ქართული „ლეგიონის“ შესახებ ინფორმაციას ექსკლუზიურად მიაწვდის რაგბის ქომაგებს.
2 ივნისს "მეტალურგი" რუსული პრემიერლიგის გრანდად აღიარებულ "ენისეის" ეთამაშება.