ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, პირისპირ შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა პრეზიდენტის სასახლეში გაფართოებული შეხვედრა გამართეს.
საქართველო მიესალმება, რომ უახლოეს მომავალში, 1 ივლისიდან, სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და იმედს გამოთქვამს, რომ სლოვაკეთი კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებას.
მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები.
გაფართოებული შეხვედრისას აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვიზიტისას დაგეგმილი ბიზნესფორუმები ხელს შეუწყობს ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას და ასოცირების ხელშეკრულების თანამშრომლობის რესურსის სრულად ათვისებას.
მნიშვნელოვანია საქართველო-სლოვაკეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გააქტიურება, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასა და ნატოს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში თანამშრომლობის გაღრმავება.
საქართველო იმედს გმოთქვამს, რომ 8 ოქტომბერს დაგემილ საპარლამენტო არჩევნებში, სლოვაკეთი დამკვირვებელთა მისიის ფორმატში ჩაერთვება და დამკვირვებლებს გამოაგზავნის.
ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება სლოვაკეთის მიმართ ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადი მხარდაჭერისათვის, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.
მხარეები საჭიროდ მიიჩნევენ, განათლების სფეროში გაცვლითი და სასწავლო პროგრამების ხელშეწყობას. მნიშვნელოვანია ასევე, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაც.
„მივაწოდეთ ინფორმაცია, საქართველოს ვარშავის სამიტისათვის მზადების შესახებ და იმ პროგრესის მოლოდინის თაობაზე, რასაც საქართველო ელის ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით.
როგორც მოგეხსენებათ, სლოვაკეთი პირველი ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება, აქედან გამომდინარე, ამ საკითხების განხილვა იყო ძალიან მნიშვნელოვანი.
ასევე განიხილეს, ვიშეგრადის ჯგუფთან თანამშრომლობის ფორმატი და უსაფრთხოების გარემო. საქართველოს პრეზიდენტმა მიაწოდა ინფორმაცია სლოვაკეთის პრეზიდენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და ბევრი, პერსპექტიული პროექტი დაისახა“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ.
საქართველოს დელეგაციის მხრიდან გაფართოებულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საქართველოს ელჩი სლოვაკეთში რევაზ გაჩეჩილაძე, პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, ეკონომიკური მრჩეველი მაია მელიქიძე.