ჩოხატაურელების რამდენიმე წლიანი ოცნება მალე ასრულდება. კულტურის სახლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია და როგორც სამუშაოთა მწარმოებლები ამბობენ, სექტემბერში დასრულებული იქნება.
კულტურის სახლის აუცილებლობაზე ჩოხატაურელები წლებია საუბრობენ. მათ მიერ ხელმოწერილი წერილები თითქმის ყველა სამინისტროში, ყოველწლიურად, 2006 წლის შემდეგ იგზავნებოდა, თუმცა, ეს ყველაფერი უშედეგო იყო.
2011 წელს "გურია ნიუსმა" სპეციალური კამპანია წამოიწყო და კონკრეტული შედეგიც გამოჩნდა _ 2012 წლის ზაფხულში კულტურის სახლის პროექტი გაკეთდა და 2013 წლის ბიუჯეტში თანხაც ჩაისვა. თუმცა, ხელისუფლების შეცვლამ პროექტის განხორციელების ვადები გადასწია.
ახალმა ხელისუფლებამ ახალი კონკურსი გამოაცხადა და ახალი პროექტიც შედგა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჭკუასელის ხელშეწყობით ცენტრალური ბიუჯეტიდან კულტურის სახლის ასაშენებელი თანხებიც გამოიყო და გასულ წელს მშენებლობაც დაიწყო. თუმცა, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულა დამშენებლობაც რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული იყო.
რამდენიმე თვიანი პაუზა გასული წლის ბოლოს დასრულდა და ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან დაიდო, რომელიც ვალდებულებებს მშენებლობის გრაფიკის შესაბამისად ასრულებს.
შენობის ნაწილში მოსაპირკეთებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. დარბაზში, რომელიც 300 მაყურებელზეა გათვლილი უკვე კიდია ჭაღი.
ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის თემურ ჭკუასელის თქმით, კულტურის სახლის გახსნა საზეიმოდ მოხდება და ეს იქნება თითოეული ჩოხატაურელისთვის დიდი ზეიმი.
ამავე თემაზე: ორი მთავრობის "ღირსების საქმე" _ აუშენებელი კულტურის სახლი; გაუზარდა თუ არა ჩოხატაურს კვერცხების რაოდენობა თემურ ჭკუასელმა; ვინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას _ ყოფილი თანაგუნდელების ცხარე დებატები; ნოდარ ხადურთან "უზარმაზარი შეხლა-შემოხლის" შედეგი; თემურ ჭკუასელი: "იმდენი სატრაბახო მაქვს…" რა ელის კულტურის სახლს; კულტურის სახლის მშენებლობა ისევ შეჩერებულია